ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი (გერმ. Elisabeth Amalie von Hessen-Darmstadt; დ. 20 მარტი, 1635 — გ. 4 აგვისტო, 1709) — ჰესენ-დარმშტადტის პრინცესა. კურპფალცის კურფიურსტის მეუღლე 1685-90 წლებში. პფალცის ორი კურფიურსტის, იოჰან ვილჰელმისა და კარლ III ფილიპის, საღვთო რომის იმპერატრიცა ელეონორ მაგდალენას, პორტუგალიის დედოფალ მარია სოფიას, ესპანეთის დედოფალ მარია ანას და პარმის ჰერცოგინია დოროთეა სოფიას დედა. უამრავი სახელგანთქმული ევროპელი მონარქის ბებია და დიდი-ბებია.
ბიოგრაფია
ელიზაბეთ ამალია დაიბადა 1635 წლის 20 მარტს ჰესენ-დარმშტადტის ლანდსაგრაფოში. იგი იყო ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფ გეორგ II-ისა და მისი ცოლის, ლანდგრაფინია სოფია ელეონორა საქსონიელის ქალიშვილი.
ელიზაბეთ ამალიას დედა მკაცრად ზრუნავდა იმაზე, რომ მისი ქალიშვილი ჭეშმარიტი ლუთერანი გამხდარიყო. მას აკმაოდ მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდა, რასაც მისი საოცარი ქერა თმა სძენდა, რომელსაც სიბერემდე არ დაუკარგავს ფერი. ზუსტად ასეთივე თმა ჰქონდათ მის ქალიშვილებს ელეონორ მაგდალენასა და დოროთეა სოფიას.
1653 წლის 3 ოქტომბერს დაქორწინდა ნოიბურგის გრაფ ფილიპ ვილჰელმზე, რომელიც 1685 წელს კურპფალცის კურფიურსტად აირჩიეს. მისი ქმარი მასზე ოცი წლით უფროსი იყო, თუმცა მათი ქორწინებით დანათესავდნენ საღვთო რომის იმპერიის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოები.
1653 წლის 1 ნოემბერს ელიზაბეთ ამალია კათოლიციზმზე მოექცა.
იგი გარდაიცვალა ღრმა სიბერეში, 1709 წლის 4 აგვისტოს, კურპფალცში.
შვილები
- ელეონორ მაგდალენა (1655—1720), ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ს და შეეძინა 10 შვილი;
- მარია ადელჰეიდი (1656), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- სოფია ელიზაბეთი (1657—1658), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- იოჰან ვილჰელმი (1658—1716), კურპფალცის კურფიურსტი, ცოლად შეირთო ჯერ მარია ანა იოზეფა ავსტრიელი, ხოლო შემდეგ ანა მარია ლუიზა მედიჩი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- ვოლფგანგ გეორგი (1659—1683), კოლნის ეპისკოპოსი;
- ლუდვიგ ანტონი (1660—1694), ვორმსის ეპისკოპოსი;
- კარლ III ფილიპი (1661—1742), კურპფალცის კურფიურსტი, იქორწინა სამჯერ, თუმცა შვილები არ ჰყავდა;
- ალექსანდერ ზიგმუნდი (1663—1737), აუსბურგის ეპისკოპოსი;
- ფრანც ლუდვიგი (1664—1732), ვროცლავის არქიეპისკოპოსი;
- ფრიდრიხ ვილჰელმი (1665—1689), საიმპერატორო გენერალი;
- მარია სოფია (1666—1699), ცოლად გაჰყვა პორტუგალიის მეფე პედრუ II-ს და შეეძინა 7 შვილი;
- მარია ანა (1667—1740), ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე კარლ II-ს, თუმცა შვილები არ ჰყავდა;
- ფილიპ ვილჰელმი (1668—1693), ცოლად შეირთო ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლუნებურგელი და შეეძინა 2 გოგონა;
- დოროთეა სოფია (1670—1748), ცოლად გაჰყვა პარმის პრინც ოდოარდო ფარნეზეს და შეეძინა 2 გოგონა;
- იადვიგ ელიზაბეთი (1673—1722), ცოლად გაჰყვა პოლონეთის პრინც იან სობიესკის და შეეძინა 6 შვილი;
- იოჰანი (1675), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- ლეოპოლდინა ელეონორა (1679—1693), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.
ლიტერატურა
- Choker, Peter, Diseases of the kings of Spain: the Austrians. From Madness to impotence Joan of Charles II the Bewitched (Madrid: The Sphere Books Ltd., 2005).