გრიგოლ მიხეილის ძე მუხაძე (დ. 8 იანვარი, 1879, თბილისი, რუსეთის იმპერია ― გ. 8 ოქტომბერი, 1948, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) ― ქართველი ქირურგი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1941), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1914), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), სსრკ-ის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), მეცნიერებისა და პრაქტიკული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.[2]
ბიოგრაფია
დაამთავრა ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1908 წელს. 1911 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა ჭიათურის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ინიშნება თბილისის და მე-8 ლაზარეთის მთავარ ქირურგად. 1918 წელს დაინიშნა თბილისის ტრავმატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორად.[3] მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თბილისის ყველა ევაკოჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა. 1932 წელს დააარსა და სათავეში ჩაუდგა სისხლის გადასხმის ცენტრალურ სადგურს, რომელიც 1935 წელს მისი ინიციატივით გადაკეთდა სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად.
გრიგოლ მუხაძე იყო ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, აგრეთვე თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანოზატორი. 1925-1937 წლებში მუშაობდა რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორად. 1946 წელს შექმნა საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის და ჰემატოლოგიის ინსტიტუტი.[4]
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ჯილდოები
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, , 1984. — გვ. 228.
- „გრიგოლ მუხაძე; ცხოვრება და მოღვაწეობა“; საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემია, თბ., 1961 წელი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო