ბიანკა მარია ვისკონტი

ბიანკა მარია ვისკონტი
მილანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 25 მარტი, 1450
მმართ. დასასრული: 8 მარტი, 1466
წინამორბედი: მარია სავოიელი
მემკვიდრე: დოროთეა გონძაგა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 მარტი, 1425
დაბ. ადგილი: ლომბარდია, იტალია
გარდ. თარიღი: 28 ოქტომბერი, 1468, (43 წლის)
გარდ. ადგილი: ლომბარდია, იტალია
მეუღლე: ფრანჩესკო I, მილანის ჰერცოგი
შვილები: გალეაცო მარია, მილანის ჰერცოგი
იპოლიტა მარია, კალაბრიის ჰერცოგინია
ფილიპო მარია, კორსიკას გრაფი
სფორცა მარია, ბარის ჰერცოგი
ფრანჩესკო გალეაცო
ასკანიო, კარდინალი
ლუდოვიკო, მილანის ჰერცოგი
ელიზაბეტა მარია, მონფერატოს მარკიზა
ოტავიანო მარია, ლუგანოს გრაფი
დინასტია: ვისკონტები
მამა: ფილიპო მარია, მილანის ჰერცოგი
დედა: აგნესა დელ მაინო
რელიგია: კათოლიციზმი

ბიანკა მარია ვისკონტი (იტალ. Bianca Maria Visconti; დ. 31 მარტი, 1425 — გ. 28 ოქტომბერი, 1468) — ვისკონტთა დინასტიის წარმომადგენელი. მილანის ჰერცოგ ფილიპო მარიას ერთადერთი ასული და მემკვიდრე. მილანის ჰერცოგინია 1450-66 წლებში როგორც ფრანჩესკო I სფორცას მეუღლე.

ბიოგრაფია

ბიანკა მარია დაიბადა 1425 წლის 31 მარტს, მილანის საჰერცოგოში. იგი იყო მილანის ჰერცოგ ფილიპო მარია ვისკონტისა და მისი საყვარლის, აგნესა დელ მაინოს არალეგიტიმური და ერთადერთი შვილი. დედამისი იყო ფილიპო მარიას ლეგიტიმური მეუღლის, ჰერცოგინია ბეატრიჩე დი ტენდას სეფექალი. აღსანიშნავია, რომ ბეატრიჩე დი ტენდა, ფილიპო მარიამ ბიანკას გაჩენამდე სულ ცოტა ხნით ადრე გაასამართლა და სიკვდილით დასაჯა. მართალია აგნესასა და ფილიპო მარიას მის შემდეგ კიდევ ერთი გოგონა ეყოლათ — კატერინა მარია ვისკონტი, თუმცა იგი ჩვილობაშივე დაიღუპა, რის გამოც ბიანკა მარია ხშირად მაინც დედისერთადაა მიჩნეული.

როდესაც იგი ექვსი თვის იყო, ბიანკა და დედამისი ჰერცოგმა საცხოვრებლად აბიატეში გააგზავნა. ბიანკა მარია სწორედ აქ აღიზარდა და მიიღო ჰუმანისტური განათლება.

1430 წელს ბიანკა მარია დანიშნეს მასზე 26 წლით უფროს კაცზე, მდიდარ იტალიელ კონდიტიერ ფრანჩესკო სფორცაზე. აქამდე მამამისმა კიდევ ორჯერ სცადა მისი გათხოვება, თუმცა ბიანკას არალეგიტიმური წარმომავლობის გამო, წმინდა სისხლის არისტოკრატები უარს აცხადებდნენ მის ცოლად შერთვაზე. ვინაიდან ფრანჩესკოც ასევე უკანონო შვილი იყო და დიდი წარმომავლობაც არ ჰქონდა, მისთვის სასიხარულოც კი იყო მილანის ჰერცოგის ერთადერთ ასულზე დანიშვნა. ფრანჩესკოსა და ბიანკა მარიას ქორწინება 1441 წლის 24 ოქტომბერს შედგა წმინდა სიგიზმუნდის სააბატოში. 1442 წლის მარტში, როდესაც მისი ქმარი და მამა სამხედრო კამპანიაში იყვნენ, იგი მილანს რეგენტის სტატუსით მართავდა. 1444 წელს მან თავისი პირველი ვაჟი გააჩინა, რის შემდეგაც მან კიდევ რვა ბავშვი გააჩინა, აქედან ექვსი ვაჟი და ორი ასული.

მამამისი 1447 წელს გარდაიცვალა, თუმცა დიდებულებმა მისი და მისი ქმრის ტახტზე ასვლა არ დაუშვეს და ამბროსიანელთა რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს. 1450 წელს, ფრანჩესკომ დიდი არმიით აიღო მილანი, დაამხო რესპუბლიკა და თავი ჰერცოგად გამოაცხადა. ამის შემდეგ იწყება მილანში სფორცების მმართველობა, ბიანკა კი ამ დინასტიის პირველი ჰერცოგინია გახდა. ბიანკა მეტად პოლიტიკური კონსორტი იყო, აღსანიშნავია, რომ იგი დიდ როლს თამაშობდა საჰერცოგოს ადმინისტრაციულ საქმიანობებში.

1465 წლის დეკემბერში გარდაიცვალა ბიანკას დედა, სულ მალე კი დაიღუპა მისი ქმარიც. ამის შემდეგ ჰერცოგი მისი ვაჟი — გალეაცო მარია გახდა, რომელმაც ბიანკას იძულებით დაატოვებინა მილანი და კრემონაში გადაასახლა, სადაც თავის უკანონო შვილებს აზრდევინებდა. იგი მილანში მხოლოდ 1468 წლის მაისში მიიწვიეს, გალეაცოს ქორწილში, სადაც ის მძიმედ დაავადდა და ამავე წლის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა, 43 წლის ასაკში. ბიანკა მარია ვისკონტი დაკრძალეს მისი ქმრის გვერდით, დუომოს ბაზილიკაში, მილანში. აღსანიშნავია, რომ გალეაცომ მის პატივსაცემად მისი სახელი დაარქვა თავის უფროს ასულ ბიანკა მარია სფორცას, რომელიც შემდგომში საღვთო რომის იმპერატრიცა გახდა.

შვილები

ბიანკა მარია და მისი ვაჟი გალეაცო ღვთისმშობელი მარიამისა და ჩვილი იესოს განსახიერებაში
  1. გალეაცო მარია (1444-1476), მილანის ჰერცოგი, პირველად იქორწინა დოროთეა გონძაგაზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად ბონა სავოიელი შეირთო, რომელთანაც ოთხი შვილი ეყოლა, მათ შორის საღვთო რომის იმპერატრიცა ბიანკა მარია სფორცა, ფერარასა და მოდენას ჰერცოგინია ანა სფორცა და მილანის ჰერცოგი ჯან გალეაცო სფორცა, ამას გარდა, ჰყავდა უკანონო შვილებიც, რომელთაგანაც აღსანიშნავია ფორლის გრაფინია კატერინა სფორცა;
  2. იპოლიტა მარია (1446-1484), ცოლად გაჰყვა კალაბრიის ჰერცოგს და შემდგომში ნეაპოლის მეფე ალფონსო II-ს, რომელთანაც შეეძინა ასული, სახელად იზაბელა არაგონელი, რომელიც შემდგომში იპოლიტა მარიას ძმის შვილზე, მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო სფორცაზე დაქორწინდა;
  3. ფილიპო მარია (1449-1492), კორსიკას გრაფი;
  4. სფორცა მარია (1451-1479), ბარის ჰერცოგი;
  5. ფრანჩესკო გალეაცო მარია (1452), დაიღუპა ჩვილი;
  6. ლუდოვიკო მარია (1452-1508), მილანის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ბეატრიჩე დ’ესტე, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი, ორივე მათგანი შემდგომში მილანის ჰერცოგი გახდა, თუმცა შვილები არცერთს ჰყოლია, რის გამოც შეწყდა სფორცას დინასტია;
  7. ასკანიო მარია (1455-1505), პავიას, კრემონას, პესაროსა და ნოვარას ეპისკოპოსი, კიარავილეს აბატი და კარდინალი;
  8. ელიზაბეტა მარია (1456-1473), ცოლად გაჰყვა მონფერატოს მარკიზ გულიელმო VIII-ს, რომელთანაც შეეძინა ერთადერთი ასული, სახელად ბიანკა, რომელიც შემდგომში სავოიის ჰერცოგინია გახდა;
  9. ოტავიანო მარია (1458-1477), ლუგანოს გრაფი;

ლიტერატურა

  • Daniela Pizzagalli, La signora di Milano: Vita e passioni di Bianca Maria Visconti, Rizzoli, 2000. ISBN 978-8817000680
  • Caterina Santoro, Gli Sforza. La casata nobiliare che resse il Ducato di Milano dal 1450 al 1535, Lampi di Stampa, 1999. ISBN 8848800564
  • Lila Jahn, Bianca Maria duchessa di Milano, Milano, Garzanti, 1941.
  • Winifred Terni de Gregory, Bianca Maria Visconti duchessa di Milano, Bergamo, 1940.
  • Guido Lopez, I Signori di Milano - dai Visconti agli Sforza, Newton&Compton Editori, Milano, 2013. ISBN 8854114405