ბესტერი (რუს. Бестер) — თევზების გვართაშორისი ჰიბრიდი, ცქვრინისა და სვიის ნაჯვარი. მიღებულია 1952 წელს სსრკ-ში, ხელოვნური განაყოფიერების გზით. თავის ქალის ძვლების ფორმით უფრო მეტად სვიას ჰგავს. სიგრძეში აღწევს 180 სმ-ს, რა დროსაც მასა 30 კგ-ზე მეტია. ნაყოფიერია. მასში შეხამებულია ძვირფასი თვისებები: სვიისათვის დამახასიათებელი სწრაფი ზრდა და ცქვრინისათვის დამახასიათებელი ადრეული სქესობრივი სიმწიფე. წარმატებით გამოიყენება მეთევზეობაში — აზოვის ზღვაში, წყალსაცავებზე და ტბორულ მეურნეობებში.[1]
სქოლიო