ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შარვაშიძე (შერვაშიძე-ჩაჩბა; დ. 12 (24) დეკემბერი, 1867, ფეოდოსია — გ. 17 აგვისტო, 1968, მონტე-კარლო, 1985 წელს ნეშტი გადმოასვენეს სოხუმში) — აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის ძმისშვილი. პირველი ქართველი მხატვარი აფხაზეთიდან. გრაფიკოსი, ფერმწერი, სცენოგრაფი და ხელოვნების კრიტიკოსი.
ბიოგრაფია
1895 წელს დაამთავრა მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების უმაღლესი სასწავლებელი. 1895–1899 წლებში მეცადინეობდა პარიზში. 1906–1917 წლებში მოღვაწეობდა პეტერბურგში. 1918–1920 წლებში შარვაშიძის თაოსნობით სოხუმში დაარსდა თეატრალური საზოგადოება და სამხატვრო სტუდია, სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1921 წლიდან ცხოვრობდა პარიზსში, იყო ს. დიაგილევის საბალეტო დასის მხატვარი. 1922–1946 წლებში უცხოეთში გააფორმა სპექტაკლები: ჯ. ბალანჩინის „ნეპტუნის ტრიუმფი“ (ლონდონი), ლ. ბეთჰოვენის „პრომეთე“ (პარიზი), ა. ჩერეპნინის „შოთა რუსთაველი“ (მონტე-კარლო). შარვაშიძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ფერწერულობა, რიტმულობა, კომპოზიციური მთლიანობა.
1958 წელს ნამუშევრების ძირითადი ნაწილი მხატვარმა უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ხელოვნების მუზეუმსა და სოხუმის სურათების გალერეას. მისი ნამუშევრებია: „ქალის პორტრეტი“, „მამაკაცის პორტრეტი“, „სოხუმის ხედი“, „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“. 1985 წელს თბილისში მოეწყო შარვაშიძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა. აფხაზეთის ომის შემდეგ სოხუმის გალერეა საოკუპაციო რეჟიმის კონტროლის ქვეშ მოექცა. 2023 წლის 21 იანვარს სოხუმის გალერეაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სხვა სურათებთან ერთად განადგურდა ალექსანდრე შარვაშიძის ყველა (300-ზე მეტი) ნამუშევარი.[4]
გალერეა (გრაფიკები, ფერწერები, ჩანახატები...)
-
ავტოპორტრეტი (1905 წ.)
-
ავტოპორტრეტი (1948 წ.)
-
ბაღში (ტილო, ზეთი) 1892 წ.
-
-
ქალის პორტრეტი (1899 წ.)
-
ნიკოლოზ ევრეინოვის პორტრეტი (1912 წ.)
-
მამაკაცის პორტრეტი (1918 წ.)
-
ნიღაბი ხელთათმანებით
-
ხიდები (გრაფიკული ნამუშევარი)
-
პარიზის ერთ-ერთი კუთხე
-
პიერო ბურთებით
-
ყვავის ვალეტი (ბანქოს ესიკიზი)
-
დასვენება
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Kuznetsov S. Shervashidze, Aleksandr (Konstantinovich), Prince Chachba // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T078207
- ↑ „სოხუმში დაიწვა, თბილისში დარჩა - რა ვიცით ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნახატებზე?“. რადიო თავისუფლება. 22 იანვარი, 2024. ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2024.