ავოკადო (ლათ. Persea americana) — მარადმწვანე ხეხილოვან მცენარეთა გვარი დაფნისებრთა ოჯახისა. ავოკადო 10–20 მ სიმაღლის ხეა. მისი ყვავილი ორსქესიანია, მოთეთრო, საგველა ყვავილედში შეკრებილი; ნაყოფი კურკიანაა, ერთთესლიანი, მსხვილი (სიგრძე 5–20 სმ, წონა 250–600 გ), სხვადასხვა ფორმისა, მუქი მწვანე ან თითქმის შავი. ავოკადოს გასახარებლად ხელსაყრელია ნაყოფიერი, ნეიტრალური ან სუსტი მჟავა რეაქციისა და კარგად დრენირებული ნიადაგი. საჭიროა ნარგავების ქარისაგან დაცვა. ავოკადო მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან 4-5 წლის შემდეგ. როგორც სამრეწველო კულტურა, გავრცელებულია დედამიწის მრავალ ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონში, განსაკუთრებით აშშ-ში, კერძოდ, კალიფორნიასა და ფლორიდაში, ბრაზილიასა და ჰავაის კუნძულებზე.[1] არსებობს ავოკადოს 400-ზე მეტი ჯიში.[2]
საქართველოში ავოკადო პირველად 1904 წელს შემოიტანეს, სოხუმის ბოტანიკურ ბაღში, 1913 წელს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და შემდეგ თანდათან მოიკიდა ფეხი. საქართველოს ჰავა მისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე იყო გაშენებული საცდელი ნარგავები, კერძოდ, გავრცელებული იყო ჯიშები: მექსიკოლა, პუებლა და ფუერტე.
ერთი ძირი ავოკადო 150–300 კგ მოსავალს იძლევა. ნაყოფი შეიცავს 30%-მდე ცხიმებს, 1,6–2,1% პროტეინს, ვიტამინებს B1, B2, С, D და სხვა; შაქარს თითქმის არ შეიცავს. იყენებენ საკვებად, პარფიუმერიაში და სამკურნალოდ.[1]
ავოკადო ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მასში უჯერი ცხიმოვანი მჟავები, დაახლოებით 20 ვიტამინი და მინერალური ნივთიერებაა. ავოკადოს რბილობს უმატებენ სალათებსა და სენდვიჩებს. დიეტოლოგების აზრით კი, ავოკადოს კურკა შეიცავს სასარგებლო ნივთიერებების ძირითად ნაწილს (70%). მასში ბევრია ანტიოქსიდანტი და უჯრედისი.[3]
სქოლიო