ჯესი ტაილერ ფერგიუსონი დაიბადა 1975 წლის 22 ოქტომბერს მონტანას შტატის ქალაქ მიზულაში[1]. იგი არის რობერტ „ბობ“ ფერგიუსონისა და მისი ცოლის, ანა ფერგიუსონის (ქალიშვილობის გვარია დოილი) ვაჟი[2]. მისი მშობლები მაშინ განქორწინდნენ, როდესაც იგი 18 წლის იყო. მას ასევე ჰყავს და-ძმა: ბენ და კელი ფერგიუსონები.
მას სახელი ბებიის, ჯესი აპრეკა ფერგიუსონის პატივსაცემად დაარქვეს[3], რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მისი აღზრდის საქმეში[4]. აღსანიშნავია, რომ მის დიდ ბაბუასაც ჯესი ერქვა[5].
როდესაც იგი ჯერ კიდევ ბავშვი იყო მისი ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში გადავიდა საცხოვრებლად[6]. მან რვა წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ მსახიობი უნდა გამხდარიყო, ამიტომაც ალბუკერკეს ბავშვთა თეატრს შეუერთდა, სადაც იგი შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა[7].
ალბუკერკეს სკოლაში სწავლისას მან მიუზიკლში „ნახვამდის ჩიტუნია“ შეასრულა ალბერტ პეტერსონის, ხოლო პიესაში „პატარა აბნერი“ გენერალ ბალმუზის როლი შეასრულა. 1998 წელს მან სკოლა დაამთავრა და ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც სწავლა ამერიკის მუსიკალურ და დრამატულ აკადემიაში განაგრძო.
კარიერა
ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ ჯესი ბროდუეის თეატრში მუშაობდა, სადაც სპექტაკლში „პუნთამის ოლქის წლიური 25-ე ფუტკრის ორთოგრაფია“ მიიღო ტონის ჯილდო. 2007 წლიდან იგი მუშაობდა საჯარო თეატრში, სადაც მან თავისი ყველაზე დიდი როლი შეასრულა უილიამ შექსპირის პიესაში „ზაფხულის ღამის სიზმარი“.
2009 წელს სერიალში „ამერიკული ოჯახი“ იგი დაამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ, მიჩელ პრიჩეტის როლზე, რომელსაც იგი 2020 წლამდე ასრულებდა. მისთვის ეს როლი განსაკუთრებული პოპულარობისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდა, რამეთუ მიჩელის როლისათვის იგი არაერთხელ იყო ნომინირებული ემის, კინომსახიობთა გილდიისა და სხვა პრესტიჟულ ჯილდოებზე. აქედან მოგებული აქვს კინომსახიობთა ოთხი ჯილდო.
„ამერიკული ოჯახის“ პარალელურად, იგი სერიალში „ანუ შენი აზრით ცეკვა შეგიძლია“ 2011-13 წლებში თავისი თავის როლს ასრულებდა. 2013-24 წლებში თამაშობდა სერიალში „ვებ-თერაპია“. 2013 წლიდან დღემდე, მას შვიდ სერიალში აქვს შესრულებული თავისი თავის როლი.
პირადი ცხოვრება
მოწოდებით ფილანთროპი ჯესი ტაილერ ფერგიუსონი თავის ადვოკატ ქმართან, ჯასტინ მიკიტასთან ერთად 2012 წლიდან აქტიურად იბრძვის ლგბტ თემის უფლებებისათვის. ცნობილია, რომ მან 10,000 ამერიკული დოლარი გაიღო გრანტის სახით ნიუ-მექსიკოში ერთსქესიანი ქორწინების უფლების მომხრეთა დასახმარებლად[8]. იგი თავადაც აქტიურად იბრძოდა მასშტაბით ერთსქესიანი ქორწინებისა და ბავშვის აყვანის უფლების მოსაპოვებლად.
2012 წლის სექტემბერში ფერგიუსონმა მისი და ჯასტინ მიკიტას ნიშნობის შესახებ დააანონსა[9]. ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ ის და ჯასტინი 2013 წლის 20 ივლისს, მანჰეტენზე დაქორწინდნენ[10]. 2020 წლის 7 ივლისს დაიბადა მათი პირველი ვაჟი, სახელად ბეკეტ მერკერ ფერგიუსონ-მიკიტა[11].
ცნობილია, რომ თავად ფერგიუსონს ძალიან გაუჭირდა ოჯახის წევრებისათვის თავისი ორიენტაციის შესახებ თქმა. როგორც თავად განაცხადა, განსაკუთრებით მამას გაუჭირდა ამასთან შეგუება, ამიტომ მას სამჯერ მოუხდა მისთვის თქმა და ახსნა-განმარტების გაკეთება (17, 19 და 21 წლის ასაკში)[12].
ფერგიუსონს ასევე ჰყავს ძაღლი, სახელად ლეფი[5]. იგი ასევე არის დემოკრატი პოლიტიკური კანდიდატების აქტიური მხარდამჭერი[13].