გაბატონებული სიმაღლეებია 1500 მ, მაქსიმალური 3000 მ-ზე მეტი. ფართოდაა გავრცელებული რელიეფისკარსტული ფორმები. ტექტონიკური თვალსაზრისით, ხმელთაშუაზღვისპირეთი ძირითადად განლაგებულია ალპურ-ჰიმალაური მოძრავი სარტყლის ფარგლებში, ბევრი რაიონი განირჩევა მნიშვნელოვანი ნეოტექტონიკური მოძრაობებით, მაღალი სეისმურობითა და თანამედროვე ვულკანიზმით. აღსანიშნავია ვულკანები ეტნა (3357 მ), ვეზუვი (1281 მ) და სტრომბოლი (926 მ). ჩრდილოეთ აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილს, აფრიკის კემბრიუმამდელი ბაქნის ფარგლებში ვაკე რელიეფი ახასიათებს.[1]
რადიაციული ბალანსი დადებითია წელიწადის ყველა დროს, რაც განაპირობებს ხანგრძლივ ვეგეტაციურ პერიოდს. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში ვაკეებზე 300–400 მმ, მთებში 1000 მმ-მდეა. გამოხატულია სინოტივის დეფიციტი თბილ ნახევარწელში 1–6 თვის განმავლობაში. ზამთარში მდგრადი თოვლის საბურველი წარმოიქმნება მხოლოდ მაღალ მთებში. ბევრი რაიონისთვის დამახასიათებელია ადგილობრივი ცივი და მძაფრი ქარი, როგორიცაა მისტრალი, სიროკო და სხვა.[3][4]