|
ეს სტატია ხორვატიაში მდებარე ტბას ეხება. საქართველოში მდებარე ტბის შესახებ იხილეთ ცისფერი ტბა.
|
ცისფერი ტბა (ხორ. Modro jezero ან Plavo jezero) — კარსტული ტბა სამხრეთ ხორვატიაში, ქალაქ იმოტსკისთან. სიახლოვეს მდებარე წითელ ტბასთან ერთად უკავია ღრმა კარსტული ძაბრი, რომელიც ჩამოყალიბდა მიწისქვეშა მღვიმის ჩამონგრევის შედეგად.[1] ზედაპირის ფართობი 0,4 კმ², სიგრძე 800 მ, სიგანე 500 მ. თუმცა ეს მონაცემები წყლის დონის შესაბამისად იცვლება. საერთო სიღრმე ზედა კუთხიდან დაახლოებით 220 მ-ია. წყლის სიღრმე იცვლება წელიწადის დროების შესაბამისად. მტკნარწყლიანია. გაზაფხულზე, გარემომცველ მთებში თოვლის დნობისას, მისი სიღრმე 90 მ-ს აღწევს. 1914 წელს წყალმა აიწია 114 მ-მდე და ჩაძირა ძაბრის სამხრეთი კიდე. ზაფხულის ბოლოს ტბა ზოგჯერ მთლიანად შრება.[2] 1907 წელს აშენდა ტბისკენ მიმავალი გზა. 1942 წელს მიწისძვრამ გამოიწვია დიდი მეწყერი, რის შედეგადაც ტბის სიღრმე შემცირდა. ცისფერი ტბა პოპულარული ტურისტული და ექსკურსიული ობიექტია.[3]
სქოლიო