შუა ციმბირის ზეგანი (იაკუტ. Орто Сибиир хаптал хайалаах сирэ) — ვრცელი ზეგანი ჩრდილოეთი აზიის ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, სახის რესპუბლიკასა და ირკუტსკის ოლქის ტერიტორიებზე.[1]
სამხრეთიდან ესაზღვრება აღმოსავლეთი საიანის, ბაიკალისპირეთისა და ჩრდილოეთ იმიერბაიკალეთის მთები, დასავლეთიდან — დასავლეთ ციმბირის ვაკე, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობი და ცენტრალური იაკუტიის ვაკე. ფართობი დაახლოებით 3,5 მლნ. კმ².[2] მდებარეობს ციმბირის ბაქნის ფარგლებში. საშუალო სიმაღლე 500-700 მ. შუა ციმბირის ზეგნის ტერიტორიის დიდ ნაწილს, რომელიც მოიცავს ქვემო ტუნგუსკის, პოდკამენაია-ტუნგუსკის, ანგარის აუზებსა და ვილიუის სათავეებს, აქვს მოსწორებული რელიეფი.[3][4]
შუამდინარეთები ბრტყელი და განიერია. ყველაზე ამაღლებული ნაწილი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობსა (პუტორანის პლატო), 1500-1700 მ აღწევს. ვილიუის პლატო და მდინარე ლენის აუზის ზემოთი 900-1100 მ სიმაღლეზეა. სასარგებლო წიაღისეულებიდან აღსანიშნავია ნიკლისა და სპილენძის მადნები (ნორილსკის რაიონი), რკინის მადანი (ანგარა-ილიმის რაიონი და ანგარა-პიტის აუზი), ქვანახშირი (ტუნგუსკის, ჩერემხოვოს, კანსკის აუზები), გრაფიტი და სხვა. შუა ციმბირის ზეგნის მდინარეები ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის აუზს მიეკუთვნებიან; უხვწყლიანია და მიედინება ღრმა და ვიწრო ხეობებში. დიდი მდინარეებია: ქვემო ტუნგუსკა, პოდკამენაია-ტუნგუსკა, ანგარა, ლენა, ხატანგა, ანაბარი, ოლენიოკი. ჰავა მკვეთრად კონტინენტურია. იცის ცივი და ხანგრძლივი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა –20°C, –44°C, დამახასიათებელია თბილი ზაფხული, ივლისის საშუალო ტემპერატურაა 12°C-20°C. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა აღმოსავლეთ ნაწილში უდრის 200-350 მმ-ს, დასავლეთ ნაწილში — 400-500 მმ-ს, წელიწადში. პუტორანის პლატოზე ატმოსფერული ნალექების რაოდენობა აღწევს 700-800 მმ წელიწადში.[3][4]
შუა ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოყალიბებულია ლებიან-მზრალ-ტაიგური და მზრალ-ტაიგური ნიადაგები. მათი ძირითადი თავისებურებები დაკავშირებულია ზედაპირიდან ახლოს მდებარე მრავალწლოვანი მზრალობის ჰორიზონტის განლაგებასთან, რომელიც ქმნის წყლის რეჟიმის წაურეცხავ პირობებსა და ართულებს მარილის გამოზიდვას. მზრალ-ტაიგური ნიადაგები გამოირჩევა მჟავა რეაქციითა და თან არსებული ნიადაგური მასის გადაადგილებული კვალით.[3][4]
შუა ციმბირის ზეგანზე გავრცელებულია მრავალწლოვანი მზრალობა. შუა ციმბირის ზეგნის დიდი ნაწილი მოქცეულია ნათელწიწვოვანი ტაიგის ზონაში. ჭარბობს ლარიქსის ტყე. ანგარის აუზში გავრცელებულია ფიჭვისა და ფიჭვ-ლარიქსის ტყეები. მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის ჩრდილოეთით უმთავრესად მეჩხერი და დაბალტანიანი დაჭაობებული ლარიქსის ტყეებია. სამხრეთით, კანსკის, ირკუტსკ-ჩერემხოვოს ქვაბულებში და კუდის აუზში გვხვდება ტყესტეპის უბნები, მაშასადამე, კრასნოიარსკის ტყესტეპი, კანის ტყესტეპი, ბალაგანის სტეპი და სხვა.[3][4]
პუტორანის პლატოს ჩრდილოეთით და ანაბარის მასივის მაღლობებზე მთის ტუნდრაა განვითარებული. ლენა-ანგარის პლატოსა და ენისეის ჭიუხზე 1000 მეტრზე მაღლა გვხვდება მთის ტუნდრის უბნები. შუა ციმბირის ზეგანზე ცხოველებიდან გვხვდება ლემინგი, თეთრი მელა, თეთრი კურდღელი, ჩრდილოეთის ირემი, ტაიგაში — ლოსი, მურა დათვი, სამურავი. ფრინველებიდან აღსანიშნავია სოღო. მდინარეები მდიდარია თევზით. აღსანიშნავია: ზუთხი, ტაიმენი და სიგი. სარეწაო მნიშვნელობა აქვს ციყვს, სიასამურსა და ონდატრას.[3][4]
გალერეა
სქოლიო