როგორც ცნობილია, ღვთისმშობელმა თავი ტაძრის მსახურებას შესწირა და კარგად იცოდა რელიგიური წეს-ჩვეულებები. რადგან ძველი აღთქმის მიხედვით, მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა სამოსელთან ერთად, აუცილებლად უნდა სცმოდა ნაქსოვი კვართიც, ღვთისმშობელმა გადაწყვიტა თავისი ძისთვის, როგორც მღვდელთმოძღვრისთვის, მოექსოვა კვართი.
„ხოლო კვართი იგი... იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად“
ახალი წელთაღრიცხვის 33 წელს გამართულ ქრისტეს სამსჯავროზე სინედრიონმა ქართლში მცხოვრები ოთხი ებრაული თემის: მცხეთელთა, ბოდელთა, კოდისწყაროელთა და სობისკანანელთა წარმომადგენლები (ელიოზ მცხეთელი, ლონგინოზ კარსნელი, მისაელი და თალენავი, ელიოზის მეთაურობით) მიიწვია. ისინი იერუსალიმში გვიან ჩავიდნენ და იესოს გასამართლებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ქართლის ებრაელთა დელეგაცია იერუსალიმში, მართალია, შეესწრო უფლის ვნებას, მაგრამ მას მონაწილეობა არ მიუღია მაცხოვრის ჯვარცმაში. ისინი შორიახლოს იდგნენ სხვა მრავალთა შორის, რომლებიც მისულნი იყვნენ უფლის სანახავად და თაყვანისცემად.
ელიოზ მცხეთელის დედა შთამომავლობით იყო — „ტომისაგან ელია მღვდლისა“. გადმოცემის თანახმად, როდესაც იერუსალიმში რომაელმა ჯარისკაცებმა ქრისტეს ხელ-ფეხი სამსჭვალით დაულურსმეს, მცხეთაში მყოფ ელიოზის დედას, სულიწმინდის მადლით, ყოველივე ემცნო. უფლის ვნებით შეწუხებულმა დედაკაცმა შეჰკივლა და წარმოთქვა: „მშვიდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალით თავისა მაცხოვარი და მხსნელი და იქმნენით ამიერითგან მტერ შემოქმედისა...“ სიტყვების დასრულებისთანავე ელიოზის დედამ სული განუტევა.
ქრისტეს ჯვარზე სიკვდილისთანავე აღსრულდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება დავით მეფისა — „განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“ (ფსალმ. 21.18.), უფლის ჯვარცმაში მონაწილე მეომრებმა ქრისტეს სამოსელი გაიყვეს, ხოლო მაცხოვრის უნაკერო კვართი არ დაანაწევრეს და წილი ჰყარეს. უფლის კვართი ელიოზ მცხეთელს ერგო. მან ქრისტიანობის ეს უდიდესი სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა.
იერუსალიმიდან დაბრუნებულ ელიოზს ცრემლმორეული მიეგება თავისი და სიდონია, რომელმაც ამცნო ძმას დედის გარდაცვალება. ელიოზმა თავის დას გადასცა უფლის კვართი და განუცხადა: „აჰა, რომლისა იგი სურვიელი იყავი მიიღე კუართი მისი და განიხარე“. ქრისტეს სიყვარულით გულანთებული სიდონია მაცხოვრის კვართს ეამბორა, გულში ჩაიკრა და იქვე სული განუტევა.
გადმოცემის თანახმად, კვართი ხელიდან ვერავინ გამოაცალა სიდონიას. ღვთის მოშიშმა ელიოზმა თავისი და უფლის კვართთან ერთად მიაბარა მიწას.
ერთ-ერთი გადმოცემა გვამცნობს: „უცებ დედამიწა გაიხსნა და მართალი სიდონია კვართით გულზე სწრაფად მიწაში ჩაექანა. უხილავმა და ყოვლისშემძლებელმა ხელმა გააპო მიწა, გაუღო პირი და უფსკრულში დაჰმალა წმინდა ღვთის განძი და წმინდა გვამი“.
სიდონიას საფლავზე მალე ამოვიდა კვიპაროსის ხე, ლიბანის ნაძვად წოდებული. მისი ფართო ტოტები მფარველად გადაეფარა სიდონიას და კვართის განსასვენებელს.
უფლის კვართის მცხეთაში დაფლულობა იყო პირველმიზეზი წმინდა ნინოს ქართლში შემოსვლისა.
კვართის ასლი რუსეთში
ერთ-ერთი ვერსიით, 1617 წელს შაჰ აბას I-ის მიერ ქართლ-კახეთის აოხრების დროს, სპარსმა ჯარისკაცებმა მცხეთის საკათედრო ტაძარი გატეხეს და იქ არსებული განძეულობა გაიტაცეს. XVII საუკუნის დასაწყისში, რუსეთის ელჩებმა ვასილი კორობინმა და ოსტაფი კუვშინოვმა სპარსეთში შაჰის კარზე ყოფნის დროს, სპარსეთის შაჰისაგან მიიღეს ცნობა, რომ იგი აპირებდა ცარ მიხაილ ფედოროვიჩისა და პატრიარქ ფილარეტისათვის გადაეცა სვეტიცხოვლიდან გატანილი რელიკვია, რომელიც შაჰ აბას I-ის მტკიცებით იყო სხვა არაფერი თუ არა უფლის კვართი. მისი სიტყვებით მან იგი სვეტიცხოვლის დარბევისას სამღვდელმთავრო ჯვარში არსებულ ლუსკუმაში იპოვა.[1]
1625 წლის 25 თებერვალს, მოსკოვში ჩასულმა სპარსეთის ელჩმა ურუსან-ბეკმა რუსეთის პატრიარქ ფილარეტს ძღვნად მიართვა ძვრიფასი ქვებით მორთული ოქროს კიდობანი, რომელშიც იდო სვეტიცხოვლიდან გატანილი რელიქვია — შაჰ აბასის მტკიცებით „უფლის კვართი“.[2]
პატრიარქმა ფილარეტმა იგი საზეიმოდ მოათავსეს დიდებულ კიდობანში, კარავში, მოსკოვის მიძინების ტაძარში წმინდა ნაწილების შესანახად და დაწესდა უფლის კვართის ყოველწლიური დღესასწაული [10 (23) ივლისი].
აღნიშნული კვართის ერთი ნაწილი ინახებოდა კიევის წმინდა სოფიას ტაძარში, ორი ნაწილი — პეტერბურგში.
2002 წელს, მკვლევარმა ელენა ბურდაკოვამ იაროსლავის მუზეუმ-ნაკრძალში აღმოაჩინა კვართის ერთ-ერთი ნაწილი. 2004 წლის 9 აპრილს, დიდ პარასკევს, იგი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და სალოცავად მოათავსეს სპასო-ვვედენსკის ტოლგას მონასტერში. 2007 წლის 1 დეკემბრიდან იგი მდებარეობს ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში. კიდობანში ნაწილაკი ამოღებულია უფლის კვართის დადების დღესასწაულზე (23 ივლისი, ახალი სტილი). კვართის კიდევ ერთი ნაჭერი მდებარეობს რიაზანის კრემლის შობის ტაძარში და ხელმისაწვდომია თაყვანისცემისთვის ყოველდღე.
2007 წლის 19 ნოემბერს კრემლში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პატრიარქ ალექსი II-ს გადასცა კიდობანი, რომელშიც შედიოდა უფლის კვართის ნაჭერი.[3]
სხვა ლეგენდები
დასავლეთში არსებობს ლეგენდა, რომ უფლის კვართი თავდაპირველად დედოფალმა ელენემ იპოვა პალესტინაში, გადაასვენეს ტრიერში და 328 წელს მოათავსეს ტრირის საკათედრო ტაძარში. ეს ლეგენდა მხოლოდ 1196 წელს გაჩნდა, ხოლო კვართის თაყვანისცემა 1512 წელს დაარსდა.