უფა (რუს. Уфа, ბაშკ. Өфө) — მდინარე რუსეთში, ურალსა და ურალისწინეთში, ჩელიაბინსკის, სვერდლოვსკის ოლქებში და ბაშკირეთში. მდინარე ბელაიას (ვოლგის აუზი) მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 918 კმ, 53 100 კმ². სათავეს იღებს უფის ტბიდან, ურალთაუს ქედზე. ზემო წელზე მთის მდინარეა, მიედინება ვიწრო ხეობაში, აქვს ჭორომები.[1] მდინარე იუნრიუზანის შერთვის შემდეგ ხეობა ფართოვდება,[2] შუა და ქვემო წელზე დაკლაკნილია. აუზში განვითარებულია კარსტი. უპირატესად იკვებება თოვლის წყლით. წყლის საშუალო ხარჯია 388 მ³/წმ, უდიდესი — 3740 მ³/წმ, უმცირესი — 55 მ³/წმ. იყინება ოქტომბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში, ლღვება აპრილში – მაისის დასაწყისში.[1] ძირითადი შენაკადებია: ბისერტი, იუი (მარჯვენა), აი, იურიუზანი (მარცხენა). უფაზეა ნიაზეპეტროვსკის წყალსაცავი. აუზში დაახლოებით 600 მცირე ზომის ტბაა საერთო ფართობით 218 კმ².[2] გამოიყენება დასაცურებელად. მდინარეზე აშენებულია პავლოვკის ჰესი. წყალს ფართოდ იყენებენ წყალმომარაგებისათვის. ჰესს ზევით სანაოსნოა 135 კმ-ზე, ქვევით 170 კმ-ზე. მდინარეზე გაშენებულია ქალაქი კრასნოუფიმსკი, შესართავზე — ბაშკირეთის დედაქალაქი უფა.[1]
სქოლიო