ტიტუს ლივიუსი დაიბადა ძვ. წ. 59 წელს პატავიაში (პადუა) შეძლებულ ოჯახში. 28 წლის ასაკში იგი ჩავიდა რომში, სადაც მიიღო კარგი განათლება და დაკავდა ისტორიით, ფილოსოფიით და რიტორიკით. მიუხედავად იმისა რომ იგი ოქტავიანეს მეგობარი იყო, ლივიუსი არ იღებდა პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას. ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან მიუძღვნა თავის ფუნდამენტალურ ნაშრომებს. ცხოვრების მიწურულს იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, სადაც გარდაიცვალა 17 წელს.
ნაშრომები
ლივიუსმა სახელი გაითქვა თავისი ფუნდამენტური ნაშრომით „რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან“„Ab urbe condita“ 142 წიგნად. ამ წიგნებზე მუშაობა მან ძვ. წ. 27 წლიდან დაიწყო და როგორც მიიჩნევენ დასრულება ვერ მოასწრო. მისი ნაშრომების დიდმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ეს ნაწარმოები მოიცავს რომის ისტორიას მისი ლეგენდარული დაარსებიდან (ძვ. წ. 753) ავგუსტუსის გერის დრუზუსის სიკვდილამდე (ძვ. წ. 9). სრულად შემოინახა 35 წიგნი, I-X წიგნები, ანუ პირველი დეკადა, სადაც აღწერილია ქალაქის ისტორია დაარსებიდან ძვ. წ. 293 წლამდე, XXI—XLV წიგნები, სადაც მოცემულია ისტორია ძვ. წ. 218 წლიდან, ანუ მეორე პუნიკური ომიდანძვ. წ. 167 წლამდე, ანუ მესამე მაკედონიის ომამდე, ასევე შემორჩა XCI წიგნის ფრაგმენტები, სადაც სერტორიუსთან ომია აღწერილი და CXX წიგნის ფრაგმენტები, სადაც ციცერონის სიკვდილზეა საუბარი.
არსებობს მოსაზრებები რომ პირველი წიგნები დაიწერა ძვ. წ. 27 — ძვ. წ. 25 წლებში, IX წიგნი დაიწერა ძვ. წ. 20 წელს, ხოლო უკანასკნელი წიგნები ავგუსტუსის სიკვდილის შემდეგ. ავტორს ალბათ სურდა ნაშრომის დასრულება პირველი იმპერატორის სიკვდილით, მაგრამ ვერ მოასწრო.
ნაწარმოების დეკადებად დაყოფა და მის ბაზაზე მოკლე თხზულებების შედგენა დაახლოებით IV საუკუნიდან დაიწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადმოცემული თხზულებებიდან პერიოქები არის.
ლივიუსის მიერ გადმოცემული ფაქტები იმდენად სანდოა, რამდენადაც მისი წყაროები. თვითონ იგი აკრიტიკებს რომის დაარსების ტრადიციულ ლეგენდას და გვთავაზობს ისტორიულად უფრო მისაღებ ვერსიას.
ლივიუსის ნაშრომი გაჟღენთილია პატრიოტული სულისკვეთებით. იგი ახდენს წარსულის იდეალიზაციას და გმობს მისი თანამედროვეების მორალურ და ზნეობრივ დაცემულობას. მისი ასეთი სულისკვეთება და მორალიზმი ავგუსტუსის პოლიტიკას კარგად შეეფერებოდა. ლივიუსი აქცენტს აკეთებს ცალკეულ გამოჩენილ პიროვნებებზე, მათ გმირობებზე და მორალურ თვისებებზე. დაწვრილებით აღწერს მათ საქმიანობას და გადმოსცემს მათ სიტყვით გამოსვლებს. ეს სიტყვები ძალიან კარგადაა დამუშავებული ლივიუსის მიერ. ჩვენამდე მოღწეულ ნაწილში 400 წარმოთქმულ სიტყვას ვხვდებით.
ტიტუს ლივიუსის ნაშრომი ლიტერატურული თვალსაზრისით მართლაც უბადლოა. გადმოცემის ნიჭით და დრამატიზაციით იგი ახერხებს წარსულის სურათების გაცოცხლებას. მისი შესანიშნავი პროზის სტილი არ ჩამოუვარდება ციცერონისას.
ლივიუს ასევე ეკუთვნის ჩვენამდე არ მოღწეული ისტორიულ-ფილოსოფიური დიალოგები და რიტორიკული ნაწარმოები, რომელიც შვილისადმი წერილის ფორმითაა მოცემული. მათში იგი ალბათ თავის კრედოს გადმოსცემდა. ბერძნული ავტორებიდან იგი დემოსფენეს სტილს მიიჩნევდა საუკეთესოდ, ხოლო რომაელებიდან ციცერონისას.
ლივიუსი აგრეთვე ითვლება ალტერნატიული ისტორიის ფუძემდებლად. მან აღწერა ალექსანდრე მაკედონელის და რომაელების ბრძოლის შესაძლებლობა, მაკედონელს რომ უფრო მეტხანს ეცხოვრა.
ქრონოლოგიურად ლივიუსი წარმოადგენს კლასიკურისა და ეგრეთ წოდებული ვერცხლის ხანის ლათინურს შორის გარდამავალ ეტაპს.
ღვთიური კანონების შემოქმედ ნუმას მსგავსად, შეუდგა ხანგრძლივი მშვიდობისათვის უდიდეს საქმესა და სამოქალაქო წესრიგისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების აღსრულებას საზოგადოების ყველა ფენა შესაფერისი პატივის მიხედვიტდაყო და გაანაწილა. მანვე დაადგინა ცენზი, რომლის მიხედვითაც როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს თითოეული მოქალაქის მდგომარეობა განისაზღვრებოდა მატერიალური ღირებულებების (ქონების) და არა პიროვნული ღირსების მიხედვით, როგორც მანამდე. იმ დროსვე განისაზღვრებოდა სწორედ ამ ცენზზე დაფუძნებული კლასები და ცენტურიები.