ტატიანა გოლიკოვა (რუს.Татья́на Алексе́евна Го́ликова; დ. 9 თებერვალი, 1966, მიტიში, მოსკოვის ოლქი, რსფსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი და ეკონომისტი, რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე სოციალური პოლიტიკის საკითხებში 2018 წლის 18 მაისიდან. რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის და ფინანსური კონტროლის ფაკულტეტის დეკანი.
რუსეთის მრიცხველი პალატის თავმჯდომარე (2013-2018), რუსეთის პრეზიდენტის დამხმარე დსთ-ს ქვეყნებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის და სოციალური განვითარების მინისტრი (2007-2012), რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე (2002-2004).
რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ეკონომისტი (2004), ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. „სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის“ ორდენის მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხის კავალერი.
2008 წლის მაისში, რუსეთის ახალი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვეევის არჩევის და ინაუგურაციის შემდეგ, კვლავ დაინიშნა ჯანდაცვის და სოციალური განვითარების მინისტრად, ამჯერად ვლადიმერ პუტინის კაბინეტში.[2]2009 წლიდან, მინისტრობასთან ერთად იყო აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის ფედერალური ფონდის მართვის თავმჯდომარე.[3]2010 წელს შევიდა ეკონომიკური განვითარების და ინტეგრაციის სამთავრობო საბჭოში.
რუსეთის პრეზიდენტის დამხმარე
2012 წლის მაისში, მას შემდეგ რაც მთავრობა ახლადარჩეული პრეზიდენტის წინაშე გადადგა, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით დაინიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამხმარედ.[4][5] ჯანდაცვის და სოციალური განვითარების სამინისტრო რეორგანიზაციას დაექვემდებარა და გაიყო ორ დამოუკიდებელ, შრომისა და სოციალური დაცვის და ჯანდაცვის სამინისტროებად, რომლებსაც სათავეში ჩაუდგნენ გოლიკოვას ყოფილი მოადგილეები, მაქსიმ ტოპილინი და ვერონიკა სკვორცოვა.
2013 წლის ივლისში გოლიკოვა შეიყვანეს რუსეთის ფედერაციის მრიცხველი პალატის თავმჯდომარეობის კანდიდატების სამკაციან სიაში. 2013 წლის სექტემბერში ვლადიმერ პუტინმა მისი კანდიდატურა აირჩია და დასამტკიცებლად სახელმწიფო დუმაში გადაგზავნა.
მრიხველი პალატის თავმჯდომარე
2013 წლის 20 სექტემბერს სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა გოლიკოვას კანდიდატურა (415 მომხრე, 5 მოწინააღმდეგე).[6][7] იმავე დღეს, პრეზიდენტის ბრძანებით, იგი დაითხოვეს პრეზიდენტის დამხმარის თანამდებობიდან სხვა პოსტზე გადასვლის მიზეზით.[8]
გოლიკოვას თავმჯდომარეობის პერიოდში, მრიცხველმა პალატამ ჩაატარა 1480 საკონტროლო და ექსპერტ-ანალიტიკური ღონისძიება, რომელმაც მოიცვა 11 709 ობიექტი. ბიუჯეტური სახსრების შესვლა-გამოყენებისას მთლიანობაში აღმოჩენილი შეცდომები და დარღვევი შეფასდა 3,9 ტრილიონ რუბლად (გამოვლინდა 18 481 დარღვევა). შემოწმებების შედეგად აღიძღა 1209 საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და 128 სისხლის სამართლის საქმე.[9]
მისი მოღვაწეობის დროს, მრიცხველი პალატის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და სისტემური შემოწმება იყო კოსმოდრომი „აღმოსავლურის“ შემოწმება. საკონტროლო უწყების შეფასებით, მშენებლობის ფასი გაბეერილი იყო 13 მილიარდ რუბლზე მეტით. აუდიტორებმა აღმოაჩინეს სქემები, რომელთა წყალობითაც ხერხდებოდა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი გამოყენება და შესაბამისად, აღკვეთეს ამგვარი ხარჯვის გაგრძელება.[10][11][12]
2018 წლის 17 მაისს პრეზიდენტმა პუტინმა სახელმწიფო დუმაში შეიტანა გოლიკოვას თხოვნა გადადგომის შესახებ.[13] იქამდე, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა შესთავაზა გოლიკოვას გამხდარიყო ვიცე-პრემიერი განათლების, ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის საკითხებში.[14]
ვიცე-პრემიერი
2018 წლის 18 მაისს პრეზიდენტმა პუტინმა დაამტკიცა მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელსაც სათავეში დიმიტრი მედვედევი ედგა და რომელშიც გოლიოვა თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. მისი მოღვაწეობის სფეროში მოექცა სოციალური პოლიტიკა.[15]
1
რუსეთში ჩასატარებელი საპენსიო რეფორმის მომზადებისას, 2018 წლის 6 სექტემბერს დაინიშნა პრეზიდენტის სპეციალურად წარმომადგენლად დუმაში ამ საკითხთან დაკავშირებული თემების განხილვის დროს.[16]
შეფასება
გოლიკოვას კოლეგები აღნიშნავდნენ მის შრომისუნარიანობას და ამტკიცებდნენ, რომ გოლიკოვამ ფედერალური ბიუჯეტის ყველა ციფრი ზეპირად იცოდა. მას შეარქვეს სხვადასხვა სახელები — „ტრუდოგოლიკოვა“, „მის-ბიუჯეტი“.[17] ჟურნალი „Огонёк“ წერდა, რომ ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი ბიუჯეტზე მუშაობის დაწყებისას ამბობდა: „მე ჩაი და გოლიკოვა“[18].
გოლიკოვას ავტორიტეტი იყო საბაბი რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტისთვის, მოგვიანებით კი მთავრობის თავმდჯომარისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის, შეეთავაზებინა მისთვის სოციალური განვითარების მინისტრის პოსტი 2007 წელს. პუტინმა აგრეთვე დანიშნა გოლიკოვა მრიცხველი პალატისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე. პრეზიდენტის მხარდაჭერა, ჟურნალისტ ვსევოლოდ ბელჩენკოს აზრით, ეხმარებოდა გოლიკოვას ისეთი სადავო საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა საპენსიო რეფორმა და ა.შ.