სხეულის დისმორფული აშლილობა (სდა), ზოგჯერ ასევე ეწოდება დისმორფოფობია — ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ახასიათებს ობსესიური იდეა, რომ საკუთარი სხეულის რომელიმე ნაწილი ან ზოგადი გარეგნობა უკიდურესად ნაკლოვანია და, შესაბამისად, ადამიანი ცდილობს, რომ ის დამალოს ან გამოასწოროს.[1] სდა-ს დელუზიურ ვარიანტში ეს ნაკლოვანება წარმოსახვითია.[2] თუკი ნაკლოვანება მართლა არსებობს, მისი მნიშვნელობა უკიდურესად გაზვიადებულია.[2] ორივე შემთხვევაში ფიქრები მის შესახებ ყოველისმომცველი და აკვიატებულია და, შესაძლოა, დღის განმავლობაში რამდენიმე საათითაც კი დააკავოს გონება, რაც იწვევს უკიდურესს დისკომფორტსა და ადამიანის ნორმალური აქტივობებისთვის ხელის შეშლას. DSM-5-ის მიხედვით, სდა კატეგორიზირდება ობსესიურ-კომპულსიურ სპექტრზე და ის განსხვავდება ანორექსია ნერვოზასგან.