„დედამიწის მეორე საბჭოთა ხელოვნური თანამგზავრი“ ცნობადი არაოფიციალური სახელით „სპუტნიკ-2“ (რუს. «Спутник-2»), თანამგზავრის კოდოდური აღნიშვნაა „პს-2“ (რუს. «ПС-2», «Простейший Спутник-2») — დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი (დხთ), საბჭოთა კოსმოსური აპარატი, რომელიც საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ფარგლებში გაშვებულ იქნა ორბიტაზე 1957 წლის 3 ნოემბერს. დხთ-ზე იმყოფებოდა პირველი ცოცხალი არსება — ძაღლი სახელად „ლაიკა“. თანამგზავრი გაეშვა ოქტომბრის რევოლუციის 40 წლისთავის საპატივცემულოდ, სკკპ ცკ-ის პირველი მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის პირადი მითითებით.
დხთ-ს მიზანი იყო ატმოსფეროს ზედაფენების მეცნიერული კვლევა, აგრეთვე კოსმოსურ სივრცეში სიცოცხლის ფიზიკური პროცესებისა და პირობების შესწავლა.
მეორე საბჭოთა დხთ წარმოადგენდა რაკეტა-მატარებლის უკანასკნელ საფეხურს, რომელშიც მოთავსებული იყო კონტეინერები სამეცნიერო აპარატურით.
მეორე ხელოვნურ თანამგზავრზე იყო:
- აპარატურა სპექტრის მოკლეტალღოვან ულტრაიისფერ და რენტგენულ დარგებში მზის გამოსხივების გამოსაკვლევად;
- აპარატურა კოსმოსური სხივების შესასწავლად;
- აპარატურა ტემპერატურისა და წნევის შესასწავლად;
- ჰერმეტული კონტეინერი, რომელშიც არის საცდელი ცხოველი (ძაღლი), ჰაერის კონდიცირების სისტემა, საჭმლის მარაგი და ხელსაწყოები კოსმოსური სივრცის პირობებში ცხოველუნარიანობის შესასწავლად;
- საზომი აპარატურა დედამიწაზე მეცნიერული გაზომვის ცნობების გადმოსაცემად;
- ორი რადიოგადამცემი, რომლებიც მუშაობენ 40.002 და 20.005 მეგაჰერცის სიხშირეებზე (ტალღის სიგრძეა დაახლოებით 7.5 და 16 მეტრი შესაბამისად);
- ელექტროენერგიის საჭირო წყაროები.
აღნიშნული აპარატურის, საცდელი ცხოველისა და ელექტროკვების წყაროების საერთო წონა 508.3 კგ-ს შეადგენს. თანამგზავრმა მიიღო ორბიტული სიჩქარე დაახლოებით 8 კმ/წმ. თანამგზავრის ერთი სრული შემოვლის დრო შეადგენდა დაახლოებით 1 საათსა და 492 წუთს; ორბიტის დახრის კუთხე ეკვატორის სიბრტყისადმი უდრის დაახლოებით 65°.[1]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო