სომხური დამწერლობა (სომხ.Հայոց գրեր [Hayots' grer] ან სომხ.Հայոց այբուբեն [Hayots' aybuben]; აღმოსავლეთ სომხური: haˈjotsʰ ajbuˈbɛn; დასავლეთ სომხური: haˈjotsʰ ajpʰuˈpʰɛn) — ანბანური დამწერლობის ორიგინალური სისტემა, რომელიც შექმნილია ფონეტიკურ პრინციპზე. იწერება მარცხნიდან მარჯვნივ. გამოიყენება სომხურ ენაში. სომხური ტრადიციის თანახმად იგი 405 წელს შექმნა სომეხმა სასულიერო და საზოგადო მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა. მესროპისეული ანბანი 36 ასოსაგან შედგებოდა, მოგვიანებით მას დაემატა კიდევ სამი ასო. დღესდღეობით თანამედროვე სომხურ ანბანში 39 ასოა, ამათგან 7 ხმოვანია, დანარჩენი კი თანხმოვანი. სომხურად სიტყვა „ანბანი“ არის այբուբեն (აიბუბენ), სომხური ანბანის პირველი ორის ასოს მიხედვით.
ისტორია
თავდაპირველად სომხური ანბანი 36 ასოსაგან შედგებოდა, მოგვიანებით XII საუკუნეში დაემატა 3 გრაფემა (և, Օ, Ֆ). სომხური დამწერლობის ანბანური სისტემა რიცხვების აღსანიშნავადაც გამოიყენებოდა. განვითარების ხანგრძლივი გზის მიუხედავად სომხურ ანბანს უძველესი დროიდან დღემდე არსებითად სახე არ შეუცვლია. მისი ძირითადი სახეობებია ერკათაგირი (ასომთავრული) და ბოლორგირი (ნუსხური). ცნობილია აგრეთვე მათ შორის გარდამავალი ტიპები. გვიანდელ შუა საუკუნეებში გავრცელდა ბოლორგირის ნაირსახეობანი: ნოტრგირი (მდივან-მწიგნობრული) და შღაგირი (გაკრული). საუკუნეების მანძილზე სომხურმა დამწერლობამ შექმნა დაქარაგმების, ლიგატურების, კრიპტოგრამებისა და სიმბოლოების უმდიდრესი სისტემა. სომხური დამწერლობის გენეზისისა და დათარიღების პრობლემა ჯერ კიდევ არაა გადაჭრილი. სომხური საისტორიო წყაროების ერთი ჯგუფის მიხედვით, იგი V საუკუნის დასაწყისში შექმნა სომეხმა ბერმა მესროპ მაშტოცმა. მეორე ჯგუფის წყაროთა ცნობით მან უკვე არსებული ანბანი მხოლოდ შეავსო გარკვეული გრაფემებით. არმენოლოგთა შორის ყველაზე უფრო გავრცელებული შეხედულებით V საუკუნემდე სომხური დამწერლობა არ არსებობდა და მისი შექმნა მთლიანად მაშტოცის დამსახურებაა. ზოგი სპეციალისტი, მართალია, ჩვენთვის ცნობილ დამწერლობას მაშტოცს მიაწერს, მაგრამ წყაროთა მონაცემების გათვალისწინებით ვარაუდობს, რომ მანამდეც არსებობდა სომხური დამწერლობა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. არსებობს აგრეთვე ჰიპოთეზა, რომელიც მაშტოცის სახელით ცნობილ ადამიანს წინაქრისტიანული ხანის პროდუქტად მიიჩნევს.
საერთო აზრი არ არსებობს არც სომხური დამწერლობის წარმომავლობის საკითხში. უმთავრესი არგუმენტირებული შეხედულებებით მას საფუძვლად დაედო:
ძველ სომხურ ხელნაწერებში გვხვდება არაერთი ლიგატურა. მათ შორის ხშირად გამოიყენებოდა შემდეგი: մն (մ+ն), մե (մ+ե), մի (մ+ի), վն (վ+ն), մխ (մ+խ), և (ե+ւ) და სხვა.