სიმონა დოლიძე (დ. 1885, ამაღლება — გ. 25 სექტემბერი, 1911, ნატანები) — ქართველიფირალი და ტერორისტი. ფირალების მეორე ტალღის წარმომადგენელი. გადმოცემის მიხედვით, იყო საშუალო ტანის, მსუქანი, სქელი. ლამაზი სახის, თეთრფეროვანი და ჭრელთვალება. თანამედროვენი მას ახასიათებდნენ, როგორც უაღესად გულკეთილ, თავმდაბალ ადამიანს, თუმცა უსამართლობას რომ ნახავდა, პასუხის გაუცემლად არ დატოვებდა.
ბიოგრაფია
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. მისი მამა ბათუმში, ნავსადგურში მტვირთავების ასისთავად მუშაობდა. სიმონა სოფლის ორკლასიანი სასწავლებლის დასრულების შემდეგ ბათუმში გაემგზავრა და მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მის ადგილზე დაიწყო მუშაობა. ბათუმში გაეცნო მარქსისტულ ლიტერატურას და ჩაება 1905 წლის რევოლუციაში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ დოლიძე ფირალად გავარდა.
ფირალობა
რევოლუციური კომიტეტის დავალებით დოლიძემ მრავალი ტერორისტული აქტი და დავალება შეასრულა. 1908 წელს მოკლა ჯაშუში ესე ჯიბლაძე. მონაწილეობდა ლიანდაგების აყრაში, ძარცვავდა ბანკებს, ფოსტებსა და მატარებლებს. მოკლა მრავალი ჯაშუში და მღვდელი. მოკლა თავისი სოფლის ორი მამასახლისი: თეოფილე წეროძე და კეკელიძე. წეროძის მკვლელობის გამო სოფელს დიდი გადასახადი შეაწერეს. კეკელიძემ კი დოლიძის ცოლი დაიბარა, შეურაცხყოფა მიაყენა, სილა გაარტყა და ქმრის გაცემა მოსთხოვა. დოლიძემ დღეობიდან დაბრუნებული კეკელიძე მოკლა. მონაწილეობდა ქუცურბეგის მკვლელობაში დათიკო შევარდნაძესთან ერთად. მოკლა ჩოხატაურის ურიადნიკი. ცარიცინში თავს დაესხა მატარებელს. 1910 წელს ბახვში კიკია მამულაიშვილთან ერთად თავს დაესხა და მოკლა სამსონ ქიქოძე.
სიკვდილი
დოლიძემ გადაწყვიტა დაეტოვებინა გურია და ბათუმისკენ გასწია. მას თან ახლდა მისი სახლიკაცი ანდრო დოლიძე და ფირალი მელქისედეკ ბურჭულაძე. ნატანებში ისინი დასასვენებლად ერთ ნალიაში დაიმალნენ, სიმონას იმ დროს თურმე ფეხები აწუხებდა, ანდრო დოლიძე კი საჭმლის მოსატანად გაგზავნეს. ამ უკანასკნელმა გასცა ფირალები და ჯარიკაცებმა პროპორშჩიკ ივანე ჯაფარიძის მეთაურობით ნალიას ალყა შემოარტყეს. ნალიიდან პირველი სიმონა დოლიძე გადმოხტა, მას მიჰყვა ბურჭულაძე. ბურჭულაძემ მოახერხა გაქცევა, სიმონა ორივე ფეხში დაიჭრა, მაგრამ შეძლო ჯაფარიძის მოკვლა. გადმოცემით, დაჭრილ დოლიძეს მაუზერი თავდამსხმელებისთვის გადაუგდია. ჯაფარიძეს ეს რომ დაუნახავს ბურჭულაძისთვის თავი დაუნებებია და მაუზერისკენ გამოექანა, სიმონას ის მეორე მაუზერით მოუკლავს. ცნობილია, რომ სიმონა დოლიძე ორ მაუზერს ატარებდა — კონდახიანს, რომელიც თოფის მაგივრობას უწევდა და მეორე უკონდახოს. ასევე ხმარობდა თოფს და რევოლვერს.
სხვა ვერსიით ივანე ჯაფარიძე არა სიმონა დოლიძემ, არამედ მისმა მოადგილემ მოკლა პირადი ინტერესის გამო, და იმ დროს, რომ სიმონა დოლიძეს დაბრალებოდა.[1]
პოპულარულ კულტურაში
სიმონა დოლიძის შესახებ არსებობს ხალხური ლექსი და სიმღერა, რომელშიც პირველ პირშია გადმოცემული დოლიძის სიკვდილი.[2] ეს სიმღერა ისმის ქართულ კინოფილმში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“[3] დოლიძის მშობლიურ სოფელში დგას მისი ძეგლი.
ლექსი სიმონა დოლიძეზე
ძმაბიჭებში დაჩაგრული
მე ვარ სიმონა დოლიძე
შვიდი წელი შემისრულდა
არ მძინებია ლოგინზე
უბედურად დადგა ჩემთვის
1911 წელი
გამიწყდაი ბედის ძაფი
გადარჩენას აღარ ველი
წუხელ ძილში დამესიზმრა
ვითომ წელს მეხვია გველი
ვეცადე, ვერ მოვიშორე
ისე შემეშალა ხელი
პოლიციამ შემიძულა
ოცი წლის რომ შევიქენი
ხალხი ჩემგან იტანჯოდა,
მაგრამ კარგიც ბევრი ვქენი
მოღალატეს თვალებს ვთხრიდი
მძულდა ხუცესი და ბერი
არსად აღარ გამიშვია
სადაც შემხვდა მუშის მტერი
რაც ყაჩაღად გადავედი
სულ ვიცოცხლე ექვსი წელი
მოღალატე-გაიძვერა
მოვაშორე ხალხსა ბევრი
ამოდიოდნენ სტრაჟები
მეძებდნენ მაღლა გორებზე
დაბრუნებული ხალხს სცემდნენ
მკლავებს იცდიდნენ ღონეზე
გავიგე ვერ მოვითმინე
უბრალო ხალხის ცემაზე
ვინც შემხვდა ყველა დავგლიჯე
სისხლი გადვივლე ენაზე
მინდოდა რომ დავსთხოვოდი
ღვინით და ოტკით თრობასა,
დავლევდი, ის მე მავნებდა
გზებში ავსტეხთი სროლასა.
ნატანებში გავემგზავრე
ცოტა მუხლები მტკიოდა
ცოცხალი ვერ დავბრუნდები
გული ასე მიჩიოდა
იქ შევედი ნალიაში
ეს მხოლოდ ანდრომ იცოდა
ჩემთან იყო ბურჭულაძე,
ის ვინც ჩემთან იფიცოდა
გზაში მეტად დავიღალე
თან დამისუსტდა გულია
ანდროს ვთხოვე გამეგზავნე
მიყიდე ცოტა პურია
ამოვიღე და მივეცი
რაც რომ მშიოდა ფულია
არ ველოდი მისგან ღალატს
ძმად მყავდა შეფიცულია
ჯაფარიძე ურიადნიკი
ცნობილია გურიაში
ამ ჩემს ანდროს შეხვთენოდა
სტრაჟნიკებით მერიაში.
მაშინვე მათ მოახსენა
ყაჩაღი მყავს ყანაშიო,
ეხლა არის ნალიაში
ვერ გადიან დღე კარშიო
[ანდრომ უთხრა თურმე მაშინ
ფირალი მყავს ნალიაში
აუცილებლად დაიჭერთ
დღე ვერ გამოდიან კარში]
ვუყურეთ აღარ გამოჩნდა
დაგვიგვიანდა სადილი
ბურჭულაძე მეუბნება
გამოვიცვალოთ ადგილი
თურმე ანდრომ აისრულა
დიდი ხნის გულის წადილი
ღალატს თუ გამიკეთებდა
მე არ ვიცოდი ნამდვილი