სემიონ ივანეს ძე ჩელიუსკინი (დ. დაახლ. 1707 — გ. ნოემბერი, 1764) — პოლარეთის რუსი მკვლევარი, მე-3 რანგის კაპიტანი (1756). აზნაური. 1714 წლიდან სწავლობდა მოსკოვის მათემატიკურ და სანავიგაციო მეცნიერებათა სკოლაში.[1] 1726 წლიდან ქვეშტურმანად მსახურობდა ბალტიის ფლოტში, 1733 წელს გადაიყვანეს შტურმანად და გაამწესეს კამჩატკის მეორე (ჩრდილოეთის დიდ) ექსპედიციაში, სადაც დაჰყო 1743 წლამდე.[2] მუშაობდა ვასილი პრონჩიშჩევის რაზმებში, შემდეგ ხარიტონ ლაპტევთან. 1741 წლის გაზაფხულზე ხმელეთით განვლო გზა მდინარე ხატანგიდან მდინარე პიასინამდე, აღწერა ტაიმირის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო მიდენდორფის ყურემდე, პიასინისა და ენისეის შესართავები. 1741–1742 წლების ზამთარში იმოგზაურა ტურუხანსკიდან ხატანგის შესართავამდე, აღწერა ტაიმირის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი სანაპირო ფადეის კონცხიდან დასავლეთით მდინარე ტაიმირის შესართავამდე, ამასთან აღმოაჩინა აზიის ჩრდილოეთი დაბოლოება, რომელსაც რუსმა მოგზაურმა ალექსანდრე მიდენდორფმა 1843 წელს ჩელიუსკინის კონცხი უწოდა. 1743 წელს დაბრუნდა სანქტ-ბეტერბურგში, მსახურობდა ბალტიის ფლოტის სხვადასხვა თანამდებობაზე. 1756 წელს სამსახურიდან გადადგა.[1]
სქოლიო