სახვითი ხელოვნების მუზეუმი — მუზეუმი ბოსტონში, მასაჩუსეტსში, მე-14 უდიდესი ხელოვნების მუზეუმი მსოფლიოში. შეიცავს 450,000-ზე მეტ ხელოვნების ნიმუშს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ კოლექციად აქცევს ამერიკაში. მასში განთავსებულია 8,161 ნახატი, ამერიკის მუზეუმებს შორის ნახატების რაოდენობით პირველობაში მხოლოდ მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი ეცილება. წელიწადში 1.2 მილიონზე მეტი ვიზიტორით,[2]2019 წლის მონაცემებით არის 52-ე ყველაზე მონახულებადი ხელოვნების მუზეუმი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
დაარსდა 1870 წელს კოპლის მოედანზე, მუზეუმი მის ამჟამინდელ ადგილას გადავიდა 1909 წელს. დაკავშირებულია ტაფტსში მდებარე სახვითი ხელოვნების მუზეუმის სკოლასთან.
ისტორია
1870–1907 წლები
სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაარსდა 1870 წელს და თავდაპირველად მდებარეობდა ბოსტონის ათენის ბოლო სართულზე. მისი საწყისი კოლექციის უმეტესი ნაწილი ათენის ხელოვნების გალერეიდან იყო. ფრენსის დევის მილეტმა, ადგილობრივმა მხატვარმა, დიდი წვლილი შეიტანა მუზეუმთან დაკავშირებული სამხატვრო სკოლის დაწყებაში და ემილ ოტო გრუნდმანის მის პირველ დირექტორად დანიშვნაში.[3]1876 წელს მუზეუმი გადავიდა უაღრესად ორნამენტირებული აგურის გოთური აღორძინების შენობაში, რომელიც დაპროექტებულია ჯონ ჰუბარდ სტურგისისა და ჩარლზ ბრიგემის მიერ, რომელიც ცნობილია თავისი მასიური არქიტექტურული ტერაკოტით. ის მდებარეობდა კოპლის მოედანზე დარტმუთისა და სენტ ჯეიმზ ქუჩებზე. აგებული იყო თითქმის მთლიანად აგურიდან და ტერაკოტადან, რომელიც შემოტანილი იყო ინგლისიდან. მოგვიანებით სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაანგრიეს და სასტუმრო Copley Plaza-მ (ახლანდელი Fairmont Copley Plaza ) შეცვალა იგი 1912 წელს.[4]
1907–2008 წლები
1907 წელს დაგეგმილი იყო მუზეუმის ახალი სახლის აშენება ჰანტინგტონის პროსპექტზე, ბოსტონის ფენვეი–კენმორის უბანში, იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმის მახლობლად. აშენების ინიციატორებმა დაიქირავეს არქიტექტორი გაი ლოუელი, რომ შეექმნა მუზეუმის დიზაინი, რომლის აშენებაც ეტაპობრივად იქნებოდა შესაძლებელი. ორი წლის შემდეგ, ლოუელის ნეოკლასიკური დიზაინის პირველი ნაწილი დასრულდა. იგი გამოირჩეოდა გრანიტის ფასადით და გრანდიოზული როტონდათი. მუზეუმი თავის ახალ ადგილას 1909 წელს გადავიდა.
მშენებლობის მეორე ფაზის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდა ამ ადგილას კოლექციების გამოფენა. მეორე ფაზის მშენებლობა მთლიანად დააფინანსა მარია ანტუანეტ ევანზ ჰანტმა, მდიდარი ბიზნესმენის რობერტ დოუსონ ევანზის მეუღლემ და გაიხსნა 1915 წელს. 1916 წლიდან 1925 წლამდე, ცნობილმა მხატვარმა ჯონ სინგერ სარჯენტმა დახატა ფრესკები, რომლებიც დღესაც ამშვენებს მუზეუმს.
დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი გაფართოვდა 1968 წელს. მოგვიანებით მუზეუმი კიდევ გაფართოვდა, The Architects Collaborative-ის მიერ, ვიზიტორებისთვის გაიხსნა 1976 წელს. დასავლეთ ნაწილი იუჰ მინ პეიმ დააპროექტა და გაიხსნა 1981 წელს. ამ ნაწილს ახლა აქვს მუზეუმის კაფე, რესტორანი, შეხვედრების ოთახები, საკლასო ოთახები და საჩუქრების მაღაზია/წიგნების მაღაზია, ასევე დიდი საგამოფენო სივრცეები.
ტენშინ-ენ იაპონური ბაღი, რომელიც დაპროექტებულია კინსაკუ ნაკეს მიერ 1988 წელს გაიხსნა, ხოლო ნორმა ჟან კალდერვუდის ბაღი და ტერასა 1997 წელს გაიხსნა.[5]
2008 – დღემდე
2000-იანი წლების შუა პერიოდში მუზეუმმა დიდი ძალისხმევა ჩადო ობიექტის გაუმჯობესებასა და განახლებაში.
2007 წლიდან 2012 წლამდე გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, მუზეუმის წლიური ბიუჯეტი შემცირდა 1.5 მილიონი აშშ დოლარით. მუზეუმმა სამოგზაურო გამოფენების ორგანიზებით შეძლო ბიუჯეტის გაზრდა. 2011 წელს Moody's Investors Service– მ გამოთვალა, რომ მუზეუმს 180 მილიონ დოლარზე მეტი ვალი ჰქონდა. თუმცა, სააგენტომ ასევე ისაუბრა დიდ შემოსავალზე და პოზიტიურ ფულად სახსრებზე, და ასევე იმაზე რომ მუზეუმის ფინანსები უახლოეს მომავალში სტაბილური გახდებოდა.
2020 წლის 12 მარტს მუზეუმმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურება განსაზღვრული ვადით. ყველა საჯარო ღონისძიება და პროგრამა გაუქმდა 2020 წელს. მუზეუმი ხელახლა გაიხსნა 2020 წლის 26 სექტემბერს.[7]
კოლექცია
სახვითი ხელოვნების მუზეუმი ფლობს მრავალფეროვანი ხელოვნებისა და კულტურის მასალებს. მუზეუმს ასევე აქვს დიდი ონლაინ მონაცემთა ბაზა, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია მისი კოლექციიდან 346,000-ზე მეტ ნივთზე. მუზეუმში არსებული კოლექციების დათვალიერება თავისუფლად არის შესაძლებელი ინტერნეტის საშუალებით.[8]
ბიბლიოთეკები
ბიბლიოთეკები სახვითი ხელოვნების მუზეუმში კოლექტიურად ინახავს 320,000 ერთეულს. მთავარი ფილიალი, უილიამ მორის ჰანტის მემორიალური ბიბლიოთეკა,მდებარეობს სამებაღეო დარბაზში. მთავარი ბიბლიოთეკა ღიაა საზოგადოებისთვის და კატალოგის ძებნა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში.[9]
ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიერ ორგანიზებული გამოფენები ტუფტსის სამხატვრო მუზეუმის სკოლასთან ერთად იხსნება წელიწადში ორ-სამჯერ.[10]