საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია

საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი თედო სახოკია
ისტორია
დაფუძნდა ოქტომბერი, 1917
პოზიციები
იდეოლოგია მემარჯვენე
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია — პოლიტიკური პარტია საქართველოში, საარჩევნო სუბიექტი. პარტია გამოეყო ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას 1917 წლის ოქტომბერში. პარტია გამოსცემდა გაზეთს „ჩვენი რესპუბლიკა.“ პარტია მემარჯვენე იდეოლოგიის პოლიტიკურ სუბიექტს წარმოადგენდა და ამომრჩეველთა ძლიერი ბაზა გააჩნდა სიღნაღის მაზრაში.

ისტორია

რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია - დაარსდა 1917 წლის ოქტომბერში იმ ჯგუფის ბაზაზე, რომელიც დავით ჩიქოვანის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას გამოეყო. ძირითად პარტიასთან ამ ჯგუფის დაპირისპირების ნიშნები ჯერ კიდევ 1917 წლის ივნისში, ედპ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე გამოიკვეთა. მაშინ უმრავლესობამ არ გაიზიარა დავით ჩიქოვანის თვალსაზრისი და პროგრამაში არ შეიტანა მუხლი საქართველოს დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ მოთხოვნის შესახებ.

1917 წლის 19-23 ნოემბერს გაიმართა საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიის ორგანიზაციების წარმომადგენელთა კრება. კრებამ აირჩია სამი კომიტეტი: მთავარი, თბილისისა და სიღნაღის სამაზრო. მთავარ კომიტეტში აირჩიეს: თედო სახოკია (თავმჯდომარე), ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი და დიმიტრი დეკანოზიშვილი. თბილისის კომიტეტში შევიდნენ: ქრისტეფორე კაპანაძე (თავმჯდომარე), ალექსანდრე გველესიანი, ნიკო კურდღელაშვილი, ივანე ბაქრაძე, გობრონ ციცქიშვილი, ვასილ ბარნოვი და ივანე არონიშიძე; სიღნაღის სამაზრო კომიტეტი შეადგინეს: კოტე ტყავაძემ (თავმჯდომარე), დავით სამადაშვილმა, ილო მოსაშვილმა, ნიკო ტურიაშვილმა და ალექსანდრე( სანდრო) შანშიაშვილმა. კრებამ გაზეთი „ჩვენი რესპუბლიკა“ პარტიის პერიოდულ ორგანოდ დაადგინა და იგი ყოველკვირეულიდან ყოველდღიურ გამოცემად გადააკეთა. გაზეთის რედაქტორად დავით ჩიქოვანი დაამტკიცეს.1917 წელს რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებზე პარტიამ კანდიდატად დაასახელა მიხეილ წერეთელი, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი თქვა კანდიდატობაზე. 1919 წლის 12 თებერვალს პარტიამ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად საერთო სიით მიიღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. იმავე თვეში დამფუძნებელი კრების არჩევნებში პარტია მე-7 ნომრით იღებდა მონაწილეობას. 1919 წელს საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიის საარჩევნო სიაში 50 კანდიდატი იყო შეყვანილი, მათ შორის იყვნენ დავით ჩიქოვანი, თედო სახოკია, სანდრო ახმეტელი, შიო არაგვისპირელი, კონსტანტინე ტყავაძე, სანდრო შანშიაშვილი და სხვ. საარჩევნო სიაში 1 ქალი კანდიდატიც იყო. არჩევნებში პარტიამ 3 000-ზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა და შესაბამისად მისი წევრები ვერ მოხვდნენ დამფუძნებელ კრებაში. 1921 წელს ეროვნულ-დემოკრატებთან და ეროვნულ (ნაციონალისტურ) პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა კოალიციური ტიპის „საქართველოს დემოკრატიული პარტია“.

ლიტერატურა