სამნაწილიანი ნისლეული (კატალოგში მესიე 20, M20 და NGC 6514) — H II რეგიონიმშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებით. 1764 წლის 5 ივნისს აღმოაჩინა ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ.[1] ობიექტი წარმოადგენს ღია ვარსკვლავთგროვების, ემისიონური ნისლეულის (ქვედა წითელი ნაწილი), ამრეკლავი ნისლეულისა (ზედა ლურჯი ნაწილი) და ბნელი ნისლეულის უჩვეულო კომბინაციას. სამნაწილიანი ნისლეული კაშკაშა და უჩვეულო ობიექტია, კარგად ჩანს პატარა ტელესკოპებშიც, რის გამოც, საკმაოდ პოპულარულია მოყვარულ ასტრონომებში.[2]
1997 წელს სამნაწილიან ნისლეულს ასტრონომები ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით იკვლევდნენ, იყენებდნენ სპეციალურ ფილტრებს. გადაღებული ფოტო შეურწყეს კომპოზიტურ ყალბ სურათს, რათა მიეღოთ ისეთი გამოსახულება, როგორსაც თვალი აღიქვამდა.
ახლო სურათებზე ჩანს გაზისა და მტვრის მჭიდრო ღრუბელი, რომელიც ჩანსახოვანი ვარსკვლავებისთვის ერთვარი საბავშვო ბაღივითაა. ეს ღრუბელი ნისლეულის ცენტრალური ვარსკვლავიდან დაახლოებით 8 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. გაზის ნაკადის წყაროა ღრუბლის სიღრმეში მდებარე ახალგაზრდა ვარსკვლავური ობიექტი.
ფოტოებზე ასევე ჩანს თითის მსგავსი ღერო ნაკადის მარჯვნივ. იგი მჭიდრო ღრუბლის თავში იწყება და მიემართება ვარსკვლავისკენ, რომელიც სამნაწილიანი ნისლეულს კვებავს. ეს ღერო ამოფრქვევადი გაზური გლობულას მაგალითია. იგი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ მის წვერზე მდებარეობს გაზის კვანძი, რომელიც საკმარისად მჭიდროა იმისათვის, რათა ვარსკვლავის ძლევამოსილმა რადიაციამ ვერ შთანთქოს.
2005 წლის იანვარში, NASA-ს სპიტცერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა 30 ემბრიონული და 120 ახლად დაბადებული ვარსკვლავი, რომლებიც ხილვადი შუქის ფოტოებზე არ ჩანდა.