სამეფო (ინგლ.Reign) — 2013-2017 წლებში გამოსული ამერიკულ-კანადური ისტორიული სერიალი, რომელიც მოგვითხრობს შოტლანდიის დედოფალ მერი სტიუარტის ცხოვრებაზე. ლორი მაკკარტნისა და სტეფანი სენგუპტას მიერ შექმნილი ამ სერიალის პრემიერა 2013 წლის 17 ოქტომბერს შედგა არხზე CW[1][2][3]. მისი უკანასკნელი და მეოთხე სეზონის ბოლო სერია ეთერში 2017 წლის 16 ივნისს გავიდა ეთერში[4][5][6].
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
სერიალის მოქმედება იწყება 1557 წელს, საფრანგეთში, როდესაც შოტლანდიის დედოფალი მერი სტიუარტი ჩადის სამეფო კარზე, რათა ცოლად გაჰყვეს მომავალ მეფეს, დოფინ ფრანსუას. მერის სამეფოს ინგლისელები ავიწროვებენ, ამიტომაც მას ეს ქორწინება წყალივით სჭირდება, თუმცა საქმეს ის ართულებს, რომ საფრანგეთში ერთობ დაფასებული წინასწარმეტყველი ნოსტრადამუსი ფრანსუას დედას, დედოფალ ეკატერინე მედიჩის უწინასწარმეტყველებს, რომ თუ მისი ვაჟი მერიზე იქორწინებს მოკვდება. სწორედ აქედან იწყება ეკატერინესა და მერის შორის ფარული დაპირისპირება. მოგვიანებით, პორტუგალიის პრინცის ჩასვლისადმი გამართულ ბანკეტზე მერი სტიუარტი ნოსტრადამუსს საჯაროდ წინასწარმეტყველებას სთხოვს, ის კი მის ოთხ სეფექალს მიუბრუნდება და უწინასწარმეტყველებთ, რომ ერთ-ერთი მათგანი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდება. იმავდროულად, ეკატერინე მერისთან მიდის და სთხოვს ქორწინებაზე უარი უთხრას, მიზეზად კი წინასწარმეტყველებას იშველიებს. თავიდან მერი არ უჯერებს მას, თუმცა შემდეგ მისი ერთ-ერთი სეფექალი მოულოდნელად კვდება, რაც მას ნოსტრადამუსის ნიჭში არწმუნებს და უარს ამბობს ფრანსუაზე ქორწინებაზე.
ვინაიდან მეფე ანრი II-ს არ სურს მოკავშირე შოტლანდიის დაკარგვა, მერი მას შესთავაზებს, რომ გაეყაროს დედოფალ ეკატერინეს და ცოლად თავისი საყვარელი დიანა დე პუატიე შეირთოს, რითაც ტახტის მემკვიდრე მათი ვაჟი, ბაში გახდება და ისიც სწორედ მასზე იქორწინებს. ანრი დათანხმდება, ამაზე განრისხებული ფრანსუა კი ტოვებს სამეფო კარს და რომანს აბამს მერის სეფექალ ლოლასთან, რომლისგანაც შემდეგში ერთადერთი ვაჟიც შეეძინა. სწორედ ამ დროს ნოსტრადამუსი აცხადებს, რომ მისი ხილვები შეიცვალა და მერიზე ქორწინებით ფრანსუა არ მოკვდება, რის გამოც სამეფო კარზე ყველაფერი ძველ კალაპოტს უბრუნდება და ანრიც აღარ ეყრება ეკატერინეს.
ამ ყველაფრის შემდეგ მერი და ფრანსუა საბოლოოდ ქორწინდებიან, თუმცა მალევე მეფე ანრი ჭკუიდან იშლება და მერის სეფექალ კენას იძულებით აქორწინებს თავის ვაჟ ბაშზე. მის შესაჩერებლად ფრანსუა ლორდი მონგომერის აბჯარს ირგებს და მამას პირდაპირ ტურნირზე კლავს, რითაც იგი მეფე ფრანსუა II ხდება, მერი კი საფრანგეთის დედოფალი. თუმცაღა, სიტუაცია სწორედ მაშინ რთულდება, როდესაც ისინი ტახტს იკავებენ. საფრანგეთში რეფორმაცია მძვინვარებს, ახალგაზრდა მეფე-დედოფალი კი მასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ, რასაც შედეგად მოსდევს ვითარების გამწვავება შოტლანდიაშიც. მალევე მეფე-დედოფალი გავლენიანი დიდებულის, სტეფან ნარცისის მარიონეტები ხდებიან და იძულებულნი ხდებიან მისი მითითებებით იმოქმედონ. ამას რეფორმატორებს შორის დიდი უკმაყოფილება მოჰყვება, რამდენიმე ამბოხებული სასახლეში იჭრება და დედოფალ მერის აუპატიურებენ. ამ ფაქტის შემდეგ მერისა და ფრანსუას შორის იწყება გაუცხოება, რა დროსაც მერი დაახლოვებას იწყებს კონდეს პრინც ლუისთან, ნავარის მეფის ძმასთან. მალევე მათი ურთიერთობა რომანში გადაიზრდება. თუმცაღა, საბოლოოდ ლუი ჯანყდება, რის გამოც მერი მას შორდება და ფრანსუასთან ბრუნდება. მეფე ამბოხების ჩახშობასა და ლუის ტყვედ აყვანას ახერხებს, თუმცა ამ ამბებიდან მალევე მეფე ფრანსუას ჯანმრთელობა ირყევა და მალევე კლავენ კიდეც.
ამის შემდეგ ტახტზე ფრანსუას ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ძმა, შარლ IX ადის. მართალია ნარცისს ამ დროს უკვე დაკარგული აქვს გავლენები, თუმცა სამეფო კარზე კვლავ ქაოსია, რამეთუ მეფე ღამღამობით უჩინარდება და დღისითაც საეჭვოდ იქცევა, დედოფალი ეკატერინე კი ამის გაკონტროლებას ვერ ახერხებს. იმავდროულად, დაქვრივებული მერი შოტლანდიაში ბრუნდება, სადაც ერთობ რთული ვითარება ხვდება. რეფორმატორები ჯონ ნოქსის თაოსნობით ხშირად ჯანყდებიან, რასაც ელისაბედ I-ც აფინანსებს. თავად მერი, როგორც ელისაბედის ბიძაშვილი, ინგლისის ტახტზე აცხადებს პრეტენზიას, ელისაბედს კი ტახტის დაკარგვის ეშინია და ცდილობს მერის ქვეყანაში არეულობის შეტანით ყურადღება გადაატანინოს. სწორედ ამის გამო მერი მეორედ ქორწინდება დარნლის გრაფ ჰენრი სტიუარტზე, რომლისგანაც ბავშვსაც აჩენს, სახელად ჯეიმზს.
სწორედ ამ დროს საფრანგეთის სამეფო კარზე ბრუნდება ეკატერინე მედიჩის ერთობ ამბიციური ქალიშვილი, ესპანეთის დედოფალი ლიზა, რომელიც ყველანაირად ცდილობს საფრანგეთის ხელისუფლებაზე ესპანეთის გავლენა გაზარდოს. მას შემდეგ, რაც ლიზა შეიტყობს შარლის მენტალური მდგომარეობის შესახებ, იწყებს ამბოხების მზადებას, რათა ტახტიდან ჩამოაგდოს ის და მის ნაცვლად ასევე ესპანეთის ინტერესების გამტარებელი მეორე ძმა, ანრი დასვას. სწორედ ამ პერიოდში მერი სტიუარტი შოტლანდიის ტახტსაც კარგავს და იძულებული ხდება ინგლისში გაიქცეს, სადაც მას ელისაბედი აპატიმრებს და მრავალწლიანი ტყვეობის შემდეგ თავს ჰკვეთს. რაც შეეხება საფრანგეთს, ეკატერინე მედიჩი ახერხებს თავისი ქალიშვილის, ლიზას ესპანეთში დაბრუნებას და შარლის ტახტზე შენარჩუნებას. სერიალის უკანასკნელ ეპიზოდში კი შემოდის მისი კიდევ ერთი ქალიშვილი, მარგო, რათა ცოლად გაჰყვეს ფრანგი რეფორმატორების მეთაურ ანრი ბურბონს, ლუი კონდეს ძმისწულსა და ნავარის მეფეს.