სალი რუნი (დ. 20 თებერვალი, 1991) — ირლანდიელი მწერალი და სცენარისტი, ავტორი რომანებისა: „საუბრები მეგობრებთან“ (2017) და „ჩვეულებრივი ადამიანები“ (2018).
ადრეული ცხოვრება და განათლება
დაიბადა და გაიზარდა მეიოს საგრაფოს ქალაქ კასლბარში, სადაც დღესაც ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც განათლება დუბლინში მიიღო, ნიუ-იორკში კი სტაჟირება გაიარა. მამამისი ტელევიზიაში მუშაობდა, დედა კი ხელოვნების ცენტრს მართავდა.
რუნი დუბლინის სამების კოლეჯში სწავლობდა, სადაც 2011 წელს მეცნიერად აირჩიეს. მაგისტრატურის საფეხურზე მან თავდაპირველად პოლიტიკის სწავლა დაიწყო, თუმცა შემდგომ ამერიკული ლიტერატურის შესწავლა გადაწყვიტა და 2013 წელს მაგისტრის ხარისხიც მიიღო.
უნივერსიტეტში სწავლისას რუნი მუდმივად მონაწილეობდა დებატებში და 2013 წელს ევროპის უნივერსიტეტების დებატების ჩემპიონატზე გაიმარჯვა კიდეც.
მწერლობის დაწყებამდე რუნი რესტორანში ადმინისტრატორად მუშაობდა.
სამწერლო კარიერა
რუნიმ პირველი რომანი, რომელიც არ გამოუქვეყნებია, 15 წლის ასაკში დასრულა.[3] მისი პირველი გამოქვეყებული ნამუშევარი საშუალო სკოლაში სწავლისას ჟურნალში დაბეჭდილი ორი ლექსი იყო.[4] მან სტაბილურად წერა 2014 წელს დაიწყო. სადებიუტო რომანი, „საუბრები მეგობრებთან“, მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში დაწერა. რომანისთვის მან Sunday Times/Peters Fraser & Dunlop-ის წლის ახალგაზრდა მწერლის ჯილდო მოიპოვა.[5][6] წიგნი ასევე წარდგენილი იყო დილან თომასისა[7] და ფოლიოს პრემიებზე.
2018 წელს გამოქვეყნდა რუნის მეორე რომანი „ჩვეულებრივი ადამიანები“.[8][9] რომანის იდეა მას დაებადა ორ პერსონაჟს შორის ურთიერთობის კვლევისას თავისი მოთხრობიდან „კლინიკაში “, რომელიც 2016 წელს ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა.[10][11] რომანი ბუკერის პრემიის ნომინანტების გრძელ სიაში მოხვდა,[12] გახდა „წლის ირლანდიური რომანი“[13] და მოიპოვა კოსტას წიგნის პრემია.[14][15] რომანი ასევე წარდგენილი იყო დილან თომასის პრემიაზე.[16] მან აღიარება მოიპოვა ისეთი ცნობილი ადამიანებისგან, როგორებიც არიან ბარაკ ობამა და ტეილორ სვიფტი.
რომანის მიხედვით 12-ეპიზოდიანი სერიალი გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლებს დეიზი ედგარ-ჯოუნსი და პოლ მესკალი ასრულებენ.