როს მაკდონალდი, კენეტ მილარი (ინგლ. Ross Macdonald; დ. 13 დეკემბერი, 1915, კალიფორნია, ლოს-გატოსი — გ. 11 ივლისი, 1983, კალიფორნია, სანტა-ბარბარა) — ამერიკელი მწერალი, დეტექტიური ჟანრის ოსტატი როს მაკდონალდი, რომლის ნამდვილი სახელია კენეტ მილარი, 1915 წლის 13 დეკემბერს კალიფორნიის შტატში ქალაქ ლოს-გატოსში დაიბადა.
მომავალმა მწერალმა ბავშვობა და სიყმაწვილე კანადაში გაატარა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელა. მოგვიანებით მილარების ოჯახი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. როსმა უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება შტატებში დაასრულა. გახდა ფილოლოგიის დოქტორი, ასწავლიდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას. შემდეგ სამი წელი ამერიკის საზღვაო ფლოტში მსახურობდა. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. 1949 წელს ლიტერატურულ სამყაროში ორი ახალი პიროვნება გამოჩნდა - დეტექტივების ავტორი როს მაკდონალდი, ამ გვარით დაიწყო წერა კენეტ მილარმა და კერძო მაძებარი ლუ არჩერი, მწერლის შემდგომი დეტექტივების გმირი. უნიკალური მოვლენა გახდა ის, რომ მაკდონალდის ბესტსელერები ამერიკის კოლეჯების სასწავლო პროგრამაში შეიტანეს.
ამერიკელი კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მაკდონალდის რომანებმა დეტექტიური მწერლობის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანა. მაკდონალდი ცნობილია, როგორც „მაგარი დეტექტივის“ ავტორი, მის ნაწარმოებებში განხილულია როგორც ადამიანის სოციალური და გონებრივი შესაძლებლობები, ასევე მოცემულია დანაშაულისა და კრიმინალების ფსიქოლოგიური ანალიზი. როს მაკდონალდი 1983 წლის 11 ივლისს კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-ბარბარაში გარდაიცვალა.
ლიტერატურა
- მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 6, თბილისი, 2010.
სქოლიო