|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოხუა.
|
ნოდარ კაზიმირის ძე ბოხუა (დ. 27 დეკემბერი, 1941 — გ. 24 მარტი, 1995) — ქართველი ქირურგ-ანგიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1985). საქართველოს მთავარი ანგიოლოგი (1982). საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1994).
ბიოგრაფია
ნოდარ ბოხუამ დაამთავრა ორენბურგის სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს. 1982 წლიდან თბილისში განაგებდა სისხლძარღვთა ქირურგიის რესპუბლიკურ ცენტრს, ერთდროულად 1988–90 წლებში იყო სსრკ-არაბეთის ერთობლივი წარმოების სამეცნიერო-პრაქტიკული და სასწავლო ცენტრის „ანგიოს“ გენერალური დირექტორი.[1]
შექმნა ახალი მიმართულება კლინიკურ ანგიოლოგიაში. სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია იტალიის გულ-სისხლძარღვთა ასოციაციის ოქროს მედლით.[1]
1976 წელს ქირურგიის ინსტიტუტში ნოდარ ბოხუამ დააარსა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი სისხლძარღვთა მიკროქირურგიის ლაბორატორია, რომლის ბაზაზეც 1980 წელს რკინიგზის საავადმყოფოში ჩამოყალიბდა სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი.[2] 6 გამოგონებისა და მრავალი რაციონალური წინადადების ავტორია. შეისწავლიდა გულის იშემიური დაავადების, ვაზორენალური ჰიპერტონიის, მაობლიტირებელი ენდარტერიიტის, მამაკაცთა სისხლძარღვოვანი იმპოტენციის, რეკონსტრუქციული მიკროქირურგიის საკითხებს. დანერგა სისხლძარღვთა შუნტირების მრავალი ოპერაცია და სხვა.[1]
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ნოდარ ბოხუა ტრაგიკულად დაიღუპა 53 წლის ასაკში, 1995 წლის 24 მარტს.[3] მისი სახელობისაა სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი. თბილისში არის ნოდარ ბოხუას ქუჩა.[4]
თხზულება
- მამაკაცთა არტერიული იმპოტენციის დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა, «საბჭოთა მედიცინა», 1989, №4.
სქოლიო