ნიჟნი-ნოვგოროდის სტადიონი[1] (რუს. стадион „Нижний Новгород“) — საფეხბურთო სტადიონი რუსეთში. მდებარეობს ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში. სტადიონი უმასპინძლებს 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის 6 მატჩს[2]. სტადიონი 44 899 მაყურებელზეა გათვილილი[3]. სამომავლოდ სტადიონი საფეხბურთო კლუბ ოლიმპიეცი ნიჟნი-ნოვგოროდის საშინაო არენა გახდება, აგრეთვე ის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის ფუნქციებს შეიძენს.
სტადიონის ძირითადი მონაცემები
სტადიონის შენობის საერთო საპროექტო ფართობი 127 500 მ²-ია[4].
სტადიონის ტევადობა 45 000 მაყურებელზეა გათვლილი, მათ შორის 902 ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის და მათი თანმხლები პირებისთვისაა გათვალისწინებული. დაგეგმილია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შემდეგ სტადიონი საფეხბურთო კლუბ ოლიმპიეცი ნიჟნი-ნოვგოროდის საშინაო მატჩებს უმასპინძლებს.
2017 წლის გაზაფხულზე ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვალერი შანცევმა ფეხბურთის გარდა, სტადიონის სხვა სპორტული შეჯიბრებისთვის, აგრეთვე ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და კონცერტებისთვის გამოყენების წინადადება წამოაყენა[5].
მშენებლობა
2014 წლის ბოლოს რუსეთის ფედერაციის სპორტის სამინისტრომ ღია სააქციო საზოგადოება „Стройтрансгаз“-თან 21,6 ჰექტარ ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობისათვის 16,756 მილიარდი რუბლის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. სტადიონის საერთო სავარაუდო ღირებულება, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისა და პროექტირების ხარჯების გათვალისწინებით 17,9 მილიარდ რუბლს შეადგენს[4].
ნიჟნი-ნოვგოროდის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო.
2015 წლის ბოლომდე სააქციო საზოგადოება „Стройтрансгаз“-მა მოსამზადებელი სამუშაოების ძირითადი ღონისძიებები და მშენებლობის ძირითადი პერიოდის სამუშაოების ნაწილი შეასრულა. დაიწყო სტადიონის პირველი სართულის მონოლითური კონსტრუქციისა და შესასვლელი შენობების მშენებლობა.
2016 წელს დასრულდა ბეტონის ძირითადი სამუშაოები — აიგო სტადიონის ყველა სართული და ზედა იარუსის ტრიბუნები. მშენებლებმა დაიწყეს საინჟინრო სისტემის მონტაჟი. 2016 წლის ბოლოსთვის კონტრაქტორმა ტრიბუნების თავზე ლითონის კონსტრუქციების, მათ შორის საყრდენი წრის მონტაჟი დაასრულა.
2017 წელს დასრულდა საფარის ლითონის კონსტრუქციის მონტაჟი, ქვედა იარუსის ტრიბუნების ბეტონის სამუშაოები და საფეხმავლო ესტაკადები. აგრეთვე მშენებლებმა შეასრულეს გადახურვისა და ფასადის მონტაჟი, საფეხბურთო მოედნის მოწყობა, დასრულდა მოსაპირკეტებელი სამუშაოები[5][6][7].
კონტრაქტის მიხედვით სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო[4].
2017 წლის ივლისში სტადიონზე გაზონის დათესვა დაიწყეს. ამისათვის „რაიგრასის“ ტიპის გაზონის ბალახის რამდენიმე სახეობა შეირჩა. გაზონის საფუძვლად ღორღი და ქვიშაა გამოყენებული, რომელმაც წარმატებით გაიარა გამოცდა შოტლანდიაში[8].
2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი
ინტერნეტ-რესურსები
სქოლიო