მოჰამედ შაჰაბუდინი (დ. 10 დეკემბერი, 1949)[2] — ბანგლადეშელი პოლიტიკოსი, იურისტი და საჯარო მოხელე. ბანგლადეშის მე-16 პრეზიდენტი2023 წლის 24 აპრილიდან. აირჩიეს 2023 წელს. იყო ავამი ლიგის კანდიდატი და არჩევნებში არ ჰყოლია კონკურენტი. პრეზიდენტობამდე შაჰაბუდინი 2011 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა რაიონული და სესიების მოსამართლედ და ანტიკორუფციული კომისიის კომისრად.[3]
ადრეული ცხოვრება და განათლება
შაჰაბუდინი დაიბადა 1949 წლის 10 დეკემბერს შივრამპურში, პაბნის ოლქში, ძველ აღმოსავლეთ ბენგალში, პაკისტანის სამფლობელოში (დღევანდელი ბანგლადეში).[4]მისი მშობლები იყვნენ შარფუდინ ანსარი და ხაირუნესა.[5]
შაჰაბუდინი პაბნის ოლქიდან სასწავლებლად წავიდა განდის სკოლაში და მოგვიანებით ჩაირიცხა რადჰანაგარ მაჯუმდარის აკადემიაში მეოთხე კლასში, სადაც 1966 წელს ჩააბარა საბაზო სკოლის სასერთიფიკაციო გამოცდა.[2]1968 წელს მან გაიარა უმაღლესი საბაზო სკოლის სასერთიფიკაციო გამოცდა და 1972 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ედუარდის კოლეჯში.[6]1974 წელს მან მიიღო მაგისტრის წოდება ფსიქოლოგიაში რაჯშაჰის უნივერსიტეტში, 1975 წელს კი სამართლის ბაკალავრის ხარისხი შაჰიდ ამინუდინის სამართლის კოლეჯში.[2]
კარიერა
შაჰაბუდინი 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში იყო ავამი ლიგის სტუდენტური ფრთის ლიდერი. იგი იყო ჩატრა ლიგის ედუარდის კოლეჯის ერთეულის გენერალური მდივანი და პაბნის რაიონის ჩატრა ლიგისა და ჯუბოს ლიგის პრეზიდენტი. მონაწილეობდა განმათავისუფლებელ ომში, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი. იგი იყო ბანგლადეშის კრიშაკ სრამიკ ავამის ლიგის (BAKSAL) რაიონული ერთეულის მდივანი და ავამი ლიგის რაიონული ერთეულის საჯარო მდივანი. შაჰაბუდინი 1975 წელს შეიხ მუჯიბურ რაჰმანის მკვლელობის შემდეგ სამი წლით დააპატიმრეს.[7]
1982 წელს შაჰაბუდინი შეუერთდა ბანგლადეშის საჯარო სამსახურს (BCS) და სასამართლოში გახდა მუნსეფი (მოსამართლის თანაშემწე).[7] იგი საბოლოოდ დააწინაურეს საოლქო და სხდომების მოსამართლის პოსტზე, ბანგლადეშის სასამართლო სამსახურის უმაღლეს თანამდებობაზე. 1995 და 1996 წლებში აირჩიეს სასამართლო სამსახურების ასოციაციის გენერალურ მდივნად.[8]
შაჰაბუდინი საამრთლის იუსტიციისა და პარლამენტის საქმეთა სამინისტრომ დანიშნა, შეიხ მუჯიბურ რაჰმანის მკვლელების სასამართლო პროცესის კოორდინატორად. 2022 წლის იგი მუშაობდა საარჩევნო კომისრად ბანგლადეშის ავამი ლიგის ეროვნულ საბჭოში.[8]
პრეზიდენტობა
არჩევნები
შაჰაბუდინი ავამი ლიგის საპარლამენტო ფრთამ დაასახელა ბანგლადეშის პრეზიდენტობის კანდიდატად.[9]2023 წლის 12 თებერვალს მან განაცხადი წარუდგინა მთავარ საარჩევნო კომისიას და საპრეზიდენტო არჩევნების ოფიცერს. გახდა ერთადერთი კანდიდატი.[10]
შაჰაბუდინი პირისპირ შეხვდა პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას თავისსავე რეზიდენციაში.[11] მის წარდგენას მიესალმა ოპოზიციური ჯათია პარტია, ხოლო ბანგლადეშის ნაციონალისტურმა პარტიამ გამოხატა ინტერესის ნაკლებობა.[12]2023 წლის 13 თებერვალს იგი ოფიციალურად აირჩიეს ქვეყნის 22-ე პრეზიდენტად, რადგან მას არ ჰყავდა მოწინააღმდეგე. შედეგები გამოაცხადა მთავარმა საარჩევნო კომისარმა კაზი ჰაბიბულ ავალმა.[13][14]
ინაუგურაცია
როგორც ბანგლადეშის 22-ე პრეზიდენტმა შაჰაბუდინმა ფიცი დადო ბანგაბჰაბანში გამართულ ცერემონიალზე 2023 წლის 24 აპრილს.[15] სახელმწიფო ცერემონიას პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა, მთავარი მოსამართლე ჰასან ფოზ სიდიკე, შეიხ რეჰანა, კაბინეტის წევრები და სხვა სტუმრები დაესწრნენ. ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ შაჰაბუდინმა და მიმავალმა პრეზიდენტმა აბდულ ჰამიდმა ოფიციალურად გაცვალეს ადგილები. შაჰაბუდინმა და სპიკერმა შირინ შარმინ ჩაუდჰურმა ხელი მოაწერეს ფიცის დოკუმენტებს.[16]
2024 წლის მარტში შაჰაბუდინმა ვეტო დაადო შრომის კანონპროექტს, რომელიც 2023 წელს მიიღო პარლამენტმა და გაგზავნა ხელახლა განსახილველად,[17] რასაც მოჰყვა საპროტეტო აქციები და ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის შეიხ ჰასინას დამხობა.[18][19]
პირადი ცხოვრება
1972 წლის ნოემბრიდან შაჰაბუდინი დაქორწინებულია რებეკა სულთანაზე, ბანგლადეშის მთავრობის მდივანზე.[20] იგი ამჟამად მსახურობს პრიმეაზიის უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრად და ორგანიზაციის „მეგობრები ბავშვებისთვის“ დამფუძნებელ თავმჯდომარედ.[20] მათ ერთად ჰყავთ ვაჟი, არშად ადნანი, რომელმაც გადაიღო რამდენიმე ბანგლადეშური ფილმი, მათ შორის ყველაზე შემოსავლიანი ბანგლადეშური ფილმი Priyotoma (2023).[21][22]