მიტროფანოვის ხიდი (რუს. Митрофаньевский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 33 მეტრი, ხოლო სიგანე — 16 მეტრი.
მდებარეობა
მდებარეობს მიტროფანოვის გზატკეცილის დასაწყისში. ხიდთან ახლოს მდებარეობს ბალტიის სადგური და იზმაილოვოს პოლკის სასაწყობე შენობების ანსამბლი (კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში 1819-1822 წლებში აგებული შენობა, არქიტექტორი ვ. პ. სტასოვი).
დინების ზემოთ მდებარეობს ვარშავის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ბალტიის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურია „ბალტიისკაია“.
სახელწოდება
ხიდმა ოფიციალური სახელი მიიღო 2008 წლის ზაფხულში, მიტროფანოვის გზატკეცილიდან, რომელმაც თავის მხრივ სახელი მიიღო მიტროფანე სასწაულმოქმედის სახელობის სასაფლაოდან.
ისტორია
ხიდის მშენებლობა დაიწყო 2007 წლის იანვარში. გახსნა კი გაიმართა 2007 წლის 10 ოქტომბერს მიტროფანოვის გზატკეცილისა და კუბის ქუჩის დამაკავშირებელ მაგისტრალთან ერთად. თავდაპირველად იგეგმებოდა ბალტიის ხიდის გაფართოება, მაგრამ მოგვიანებით წამოაყენეს წინადადება ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ. პროექტი კი შეიმუშავა „Гипростроймост“-ის ინსტიტუტმა.
კონსტრუქცია
ხიდი ერთმალიანია, აგებულია მეტალისაგან. იგი გამოიყენება ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი ოთხი ზოლისაგან შედგება. სავალი ნაწილი მოასფალტებულია. ხიდს აქვს ერთი ტროტუარი დინების ზემო მიმართულების მხარეს.
რესურსები ინტერნეტში