უოლტ დისნეიმ წარუმატებლად სცადა ზღაპრის ადაპტირება 1930-იან და 1950-იან წლებში. „პატარა ქალთევზას“ (1989) წარმატების შემდეგ Walt Disney Pictures-ში გადაწყვიტეს, კვლავ აღედგინათ პროექტი, რომელიც რიჩარდ პერდემის წარმოდგენაში თავდაპირველად მიუზიკლი არ უნდა ყოფილიყო. დისნეის თავმჯდომარემ ჯეფრი კაცენბერგმა პერდემის იდეაზე უარი თქვა და ითხოვა, ახალი ნამუშევარი შექმნილიყო ქალთევზას სტილში. ფილმის რეჟისორები არიან გერი ტრუსდეილი და კირკ უაიზი, ხოლო სცენარი, რომელზეც თავდაპირველად როჯერ ალერსი მუშაობდა, ლინდა ვულვერტონის მიერ დაიწერა.[8] ტექსტების ავტორია ჰოვარდ ეშმენი, ხოლო მუსიკის - ალან მენკენი. ეშმენი, თავდაპირველად ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი, მასზე მუშაობის დროს აივ-ით გარდაიცვალა - პრემიერამდე რვა თვით ადრე, ამიტომ ფილმი მის ხსოვნას მიუძღვნეს.
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
პროლოგში მოთხრობილია, თუ როგორ შეეცვალათ გარაგნობა პრინცმა და მისმა მოახლეებმა. გადის წლები. გოგონა სახელად ბელი ცხოვრობს პატარა ქალაქში, სადაც მას და მის გამომგონებელ მამას ყველა უცნაურ ადამიანებად თვლის. მაგრამ ქალაქში არის კაცი სახელად გასტონი, რომელიც ოცნებობს მასზე დაქორწინებაზე.
სხვა ქალაქში მგზავრობისას ბელის მამა მორისი მოულოდნელად მოხვდება მოჯადოვებულ სასახლეში, სადაც მოლაპარაკე ნივთებია. მაგრამ მის სტუმრობას ხელს უშლის დიდი ურჩხული, რომელიც მას საპყრობილეში აგდებს. გადის დრო და ბელი, მამის ძიებისას, თავად მიაგნებს სასახლეს. ურჩხული თანახმაა, გაუშვას მორისი, მაგრამ მხოლოდ ბელის სანაცვლოდ. გოგონა რჩება მასთან. ურჩხული მას ძალიან უხეშად ექცევა, მაგრამ ბელის ზრუნვით, იგი იცვლება და უყვარდება გოგონა.
მორისს სოფელში არავინ უჯერებს, მხოლოდ გასტონია დარწმუნებული, რომ მთელი ამ ისტორიიდან შეუძლია სარგებელი ჰპოვოს. ურჩხული დროებით უშვებს ბელს შინ, მამის სანახავად. გოგონა მოულოდნელად ბრუნდება, როდესაც მორისს აკითხავენ საგიჟეთიდან. არავის სჯერავს, რომ ურჩხული მართლაც არსებობს. მაშინ ბელი ყველას უჩვენებს სარკეს, სადაც ურჩხული გამოჩნდება. გასტონი იყენებს ამ საბაბს და მთელ სოფელს ააჯანყებს, რათა სასახლე დაიპყრონ.
სასახლეში დიდი ბრძოლა იმართება, ნივთებსა და ადამიანებს შორის. გასტონი სასიკვდილოდ დაჭრის მხეცს, მაგრამ თავად გადმოვარდება მაღალი კოშკიდან. ბელი სასოწარკვეთაშია. მაგრამ ურჩხული უეცრად იქცევა ლამაზ პრინცად. სასახლე ძველ გარეგნობას იბრუნებს, ნივთები კი ადამიანებად იქცევიან.
ისევე, როგორც დისნეის ბევრ სხვა ანიმაციურ ფილმში, ამ ფილმშიც ბევრი სიმღერა ჟღერს, თუმცა აქ მათი რაოდენობა ფილმს პრაქტიკულად მიუზიკლად გარდაქმნის. ამან შემქმნელებს უბიძგა, ოფიციალური მიუზიკლი ბროდვეის სცენაზეც დაედგათ.