ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა (რუს. Луганская Народная Республика; უკრ. Луганська Народна Республіка) — რუსეთის ფედერაციის არაღიარებული სუბიექტი, ჩამოყალიბებულია უკრაინის ლუჰანსკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 2014–2022 წლებში არსებობდა როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, სანამ არ მოხდა მისი ანექსია რუსეთის მიერ.
2014 წლიდან იყო თვითგამოცხადებული რესპუბლიკა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ლუჰანსკის ოლქში. ლუჰანსკის ოლქის დიდ ნაწილს 2022 წლამდე ოფიციალური კიევი აკონტროლებდა. უკრაინა და უკრაინული კონსტიტუცია 2014 წლის აპრილში ჩატარებულ „დამოუკიდებლობის“ რეფერენდუმს არ აღიარებს და ლსრ-ს უკრაინის ნაწილად თვლის, რომელიც ამ დროისთვის, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.[3]
2014 წლის 12 მაისს ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ იმავე წლის 11 მაისს ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის თვითგამორკვევის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 96,2% ხმა მისცა რეგიონის დამოუკიდებლობას და ახალი რესპუბლიკის შექმნა.[4] ამის შემდეგ ლსრ-ს ხელისუფლებამ რუსეთთან შეერთების და დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან კონფედერაცია „ნოვორასიაში“ (რუს. Новороссия)[5] გაერთიანების სურვილი გამოთქვა. 2014 წლის 11 ივნისს ლსრ-მ რუსეთს და 14 სხვა სახელმწიფოს მისი დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვა.[6]
ამ დროისთვის ლსრ აღიარა მხოლოდ სამხრეთ ოსეთმა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ.[7][8][9][10][11] 2022 წლის 21 თებერვალს რუსეთმა აღიარა ლსრ-ს დამოუკიდებლობა.[12]
უკრაინის ხელისუფლება ლსრ-ის მხარდამჭერებს ტერორისტებად და სეპარატისტებად მიიჩნევს და მათ წინააღმდეგ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს (საერთაშორისო ჩარევით შეჩერდა 2014 წლის სექტემბერში და 2015 წლის დასაწყისში). ოპერაციის დასაწყისის პერიოდში ადგილობრივი საოლქო საბჭოს დეპუტატებმა განაცხადეს, რომ უკრაინამ პატივი უნდა სცეს ლუგანსკში მცხოვრები ხალხის ნებას[13] და დაახასიათეს ოპერაცია როგორც „ტერორისტული“ და თავისივე ხალხის წინააღმდეგ წარმართული.[14][15]
2022 წლის სექტემბერში თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარდა უკანონო რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების თაობაზე, რეფერენდუმის შედეგად ე. წ. მოხდა ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის ანექსია რუსეთის მიერ.[16]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო