ლუიზამ ბავშვობის უმეტესი ნაწილი სანდრინგჰემის სასახლეში გაატარა მშობლებთან ერთად, ნორფოლკის მხარეში. თავისი უმცროსი დების, ვიქტორიასა და მაუდის მსგავსად იგი პრინცესებზე გათვლილ სტანდარტულ განათლებას იღებდა.
იგი 1867 წლის 10 მაისს მონათლეს მალბოროს სახლში. მისი ნათლიები იყვნენ: ჰესენის დიდი ჰერცოგინია ალისა (მამიდამისი), შლეზვიგ-ჰოლშტაინის პრინცესა ჰელენა (მამიდამისი), არგილის ჰერცოგინია ლუიზა (მამიდამისი), გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ III (მამიდამისის ქმარი), მეკლენბურგ-შტრელიცის დიდი ჰერცოგინია ავგუსტა (ბიძაშვილი), ჰესენ-კასელის კურფიურსტი ფრიდრიხ ვილჰელმი (დიდი-ბიძა), დანიის დედოფალი ლუიზა (ბებიამისი, ვის პატივსაცემადაც ერქვა სახელი), საბერძნეთის მეფე გეორგიოს I (დედამისის ძმა), რუსეთის იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნა (დეიდამისი) და საქსენ-ვაიმარ-აიზენახის მთავარი ედუარდი.
1885 წელს ის და მისი დები იყვნენ თავიანთი მამიდის, პრინცესა ბეატრისის მეჯვარეები, როდესაც იგი ცოლად პრინც ჰაინრიხ ბატენბერგელს მიჰყვებოდა.
ქორწინება
1889 წლის 27 ივლისს, შაბათ დღეს პრინცესა ლუიზა ცოლად გაჰყვა ფაიფის ჰერცოგ ალექსანდერ დაფს. მათ ჯვარი ბუკინგემის სასახლის სამლოცველოში დაიწერეს. აღსანიშნავია, რომ ქორწინებისას ალექსანდერს ტიტულები არ ჰქონია და ჯვრისწერიდან ორი დღის შემდეგ უბოძა მას დედოფალმა ვიქტორიამ ფაიფის ჰერცოგობა და მაკდაფის მარკიზობა.
მრავალწლიანი ქორწინებისას პრინცესა ლუიზამ სამი გოგონა გააჩინა, რომელთაგან პირველი მკვდარი დაიბადა. მოგვიანებით აშკარა გახდა, რომ წყვილს ვაჟი ვეღარ ეყოლებოდა, მოსალოდნელი დავის თავიდან ასაცილებლად კი დედოფალმა ვიქტორიამ გამოსცა მემკვიდრეობის სანქცია, რომლის მიხედვითაც ფაიფის საჰერცოგოცა და მაკდაფის სამარკიზოც დარჩებოდა მათ უფროს ქალიშვილს, შემდეგში ეს მემკვიდრეობა კი უნდა გადასცემოდა ამ ქალიშვილის მამრობითი სქესის უფროს მემკვიდრეს.
სამეფო პრინცესა
1901 წელს დედოფალი ვიქტორია გარდაიცვალა და ტახტი ლუიზას მამამ, მეფე ედუარდ VII-მ დაიკავა. 1905 წლის 9 ნოემბერს ედუარდმა მას სამეფო პრინცესის წოდება მისცა, რომელიც 1642 წლიდან მოყოლებული მეფის უფროს ქალიშვილებს ჰქონდათ ხოლმე მინიჭებული. მის მფლობელს ეს წოდება მეფის სხვა, უმცროს ქალიშვილებთან შედარებით ბევრ პრივილეგიას ანიჭებდა, მათ შორის იყო პირველი გათხოვების უპირატესობაც.
1911 წლის დეკემბერში პრინცესა ლუიზა ეგვიპტისაკენ მიცურავდა, თუმცა მისი გემი მაროკოს სანაპიროსთან შტორმში მოყვა და ჩაიძირა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სიკვდილს გადაურჩნენ, წყალში ყოფნისას ფაიფის ჰერცოგი პლევრიზით დაავადდა. სწორედ ამ დაავადებით იგი 1912 წლის იანვარში, ეგვიპტის ქალაქ ასუანში გარდაიცვალა. ამის შემდეგ საჰერცოგოს ტახტი ლუიზას უფროსმა ასულმა, ალექსანდრამ დაიკავა.
დარჩენილი ცხოვრება და გარდაცვალება
1885 წელს პრინცესა ლუიზა ვიქტორიასა და ალბერტის ორდენით დააჯილდოვეს, რასაც 1887 წელს მოჰყვა ინდოეთის საიმპერატორო გვირგვინის ჯილდოც. 1929 წელს მისმა ძმამ, მეფე ჯორჯ V-მ ლუიზას წმინდა იოანეს სახელობის ორდენიც უბოძა.
1929 წლის შემოდგომაზე მარ-ლოჯში ყოფნისას ლუიზას ჰემოროგიული გასტრიტის დიაგნოზი დაუსვეს. დიაგნოზის დასმიდან სულ 15 თვეში, 1931 წლის 4 იანვარს 63 წლის ლუიზა ლონდონში, პორტმან სკუეარზე გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში. მოგვიანებით მისი ნეშტი გადაასვენეს აბერდინის კერძო სამლოცველოში.
შვილები
ალასტერი (1890), მაკდაფის მარკიზა, დაიბადა მკვდარი;
ალექსანდრა (1891-1959), ფაიფის ჰერცოგინია, ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, კონაქტის ჰერცოგ არტურს, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა;
მაუდი (1893-1945), ცოლად გაჰყვა საუთესკის გრაფ ჩარლზ კარნეგის, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
Princess Louise, Princess Royal. In: Unofficial Royalty. Abgerufen am 11. April 2016 (amerikanisches Englisch).
Yvonne's Royalty Home Page: Royal Christenings. (Nicht mehr online verfügbar.) In: users.uniserve.com. Archiviert vom Original am 27. August 2011; abgerufen am 11. April 2016. i Info: Der Archivlink wurde automatisch eingesetzt und noch nicht geprüft. Bitte prüfe Original- und Archivlink gemäß Anleitung und entferne dann diesen Hinweis.
Louise, Princess Royal, Duchess of Fife. In: www.englishmonarchs.co.uk. Abgerufen am 11. April 2016.