ქალაქში ბევრი რელიგიური შენობა-ნაგებობა, სხვადასხვა მუზეუმი, უნიკალური არქიტექტურის მქონე ძველი სამეფო სასახლეები (სადაც დღემდე ცხოვრობს სულთანი და მისი გარემოცვა) და ყოფილი სამეფო შენობები მდებარეობს. ქალაქს პენგკალან ჩეპაში მდებარე სულთან ისმაილ პეტრას აეროპორტი ემსახურება.
ეტიმოლოგია
კოტა-ბარუ „ახალ ქალაქს“ ან „ახალ სასახლეს/ფორტს“ ნიშნავს. ზოგჯერ, ქალაქი წერილობით წყაროებში კოტა-ბაჰარუდაც იხსენიება.
ისტორია
კოტა-ბარუ XIX საუკუნის ბოლოს დაარსდა. მანამდე აქ კელანტანის სამეფო სასახლე მდებარეობდა, რომელიც 1844 წელს სულთანმა მუჰამედ II-მ დააარსა. სულთანს სურდა, რომ შტატის დედაქალაქი მის პატივსაცემად გაშენებულიყო.[1] მანამდე კოტა-ბარუს კუალა-კელანტანი ეწოდებოდა. სანამ დედაქალაქის სტატუსს მიიღებდა, კელანტანის დედაქალაქის ფუნქციას კოტა-ლუბანგ-ლაბუ და კოტა-პენგკალან-დატუ ასრულებდა.[2] XIX საუკუნეში კლეანტანი მდიდარი შტატი იყო, რომლის მოსახლეობაც 30 000-50 000 ადამიანს აღწევდა, მათ შორის 1 000 ჩინელი მოსახლით. შტატის ტერიტორიაზე მოიპოვებდნენ ოქროს და კალის მადანს, მოჰყავდათ შავი წიწაკა, თხილი, ბრინჯი, ბამბუკი და სხვ. მდინარე კელანტანის ნაპირზე გაშენების გამო კოტა-ბარუს საქონლის ტრანსპორტირებისთვის სტრატეგიული მდებარეობა უკავია.[3]
მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის 8 დეკემბერს იაპონელი სამხედროები კოტა-ბარუდან 10 კმ-ის მოშორებით, პანტაი-საბაკში დაეშვნენ, რის შემდეგაც კოტა-ბარუს ბრძოლა, მალაიური კამპანიის პირველი ბრძოლა დაიწყო. იაპონელებმა ქალაქი დაიპყრეს, ბრიტანელებს ჯუნგლებში წარმატებით გაუმკლავდნენ და საბოლოოდ სინგაპურიც დაიკავეს.[4]
1991 წლის 25 ივლისს სულთანმა ისმაილ პეტრამ ორი მნიშვნელოვანი ასპექტის, ქალაქის ისტორიისა და მისი ადგილობრივი ხელოვნებისა და კულტურის უნიკალურობის გამო, კოტა-ბარუ „კულტურულ ქალაქად“ გამოაცხადა. 2005 წლის 1-ელ ოქტრომბერს კელანტანის შტატის მთავრობამ კოტა-ბარუ „ისლამურ ქალაქად (Bandar Raya Islam) გამოაცხადა.[5]
მმართველობა
1936 წლიდან 1971 წლამდე ქალაქის მმართველ ორგანოს კოტა-ბარუს საქალაქო საბჭო (Majlis Bandaran Kota Bharu) ერქვა, 1971 წლიდან 1978 წლამდე ― კოტა-ბარუს ქალაქის საბჭო (Lembaga Bandaran Kota Bharu), ხოლო დღეისთვის კოტა-ბარუს მუნიციპალური საბჭო, ოფიციალურად, კოტა-ბარუს ისლამური ქალაქის მუნიციპალური საბჭო (Majlis Perbandaran Kota Bharu Bandar Raya Islam, MPKB-BRI) ჰქვია.[6][7]
კლიმატი
კოტა-ბარუ ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს და ტროპიკული მუსონური კლიმატით ხასიათდება. ქალაქში გამოკვეთილი მშრალი სეზონი არ არის. ნალექიანობის მაღალი მაჩვენებელი აგვისტოდან იანვრამდე პერიოდზე მოდის. წელიწადის სხვა პერიოდთან შედარებით დაბალი ტემპერატურა დეკემბრიდან თებერვლამდე ფიქსირდება. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 2 600 მმ-ია.
დემოგრაფია
კოტაბარუს მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად კელანტანელ მალაიელებს მიეკუთვნება. ქალაქში ძირითადად მალაის კელანტანურ დიალექტზე საუბრობენ. ქალაქში ჩინელთა საკმაოდ დიდი თემი ცხოვრობს.
მოსახლეობის 93% მუსლიმია. დანარჩენ ნაწილს ბუდისტები, ინდუსები და ქრისტიანები შეადგენენ. ქალაქში მცხოვრები ჩინური თემი ბუდიზმის მიმდევარია.
კულტურა
კელანტანური კულტურა მალაიზიის სხვა შტატებისგან გამორჩეულია. გეოგრაფიული სიახლოვის გამო მასზე ტაილანდის ზეგავლენა იგრძნობა. ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარული კერძებია: ნასი-ბერლაუკი, ნასი-დაგანგი, ნასი-ლემაკი და ნასი-კერაბუ. კელანტანელებს შორის პოპულარულია ტკბილი ორცხობილა კუი. სხვა პოპულარულ კერძებს შორისაა: ნასი-ტუმპანგი, ეტოკი, აკოკი, ლომპატ-ტიკამი და ნეტბაკი.
განათლება
ქალაქში მდებარე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აღსანიშნავია: მალაიზიის ღია უნივერსიტეტი, ტუნ აბდულ რაზაკის უნივერსიტი, ვადი სოფიას საერთაშორისო უნივერსიტეტი. სკოლების დიდი ნაწილი საჯაროა, თუმცა ქალაქში კერძო, ისლამური რელიგიური, ჩინური ტიპის დაწყებითი და საშუალო და ტექნიკური საშუალო სკოლებიც მდებარეობს.