კატალინ ჩეჰ (დ. 1988 წლის 29 ივნისი) — კანადაში დაბადებული უნგრელი ექიმი და პოლიტიკოსი. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში, იგი აირჩიეს „მომენტუმის მოძრაობის“ (ევროპული განახლების პარტიული ჯგუფის ნაწილი) წარმომადგენლად ევროპარლამენტში.
ადრეული ცხოვრება და კარიერა
კატალინ ჩეჰ-ი დაიბადა 1988 წლის 29 ივნისს მონრეალში (კვებეკი, კანადა).[1] კატალინმა სწავლა დაიწყო ტოლდი ფერენცის საშუალო სკოლაში, რომელიც მდებარეობს უნგრეთში, კერძოდ, ბუდაპეშტში,[2][3] ხოლო უმაღლესი განათლება მიიღო სემელვეისის უნივერსიტეტში. 2015 წელს, კატალინმა მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ჯანმრთელობის ეკონომიკის, პოლიტიკისა და სამართლის მიმართულებით როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტში.[4] იმავე წელს, ჩეჰმა, ცხრა სხვა წევრთან ერთად, დააფუძნა „მომენტუმის მოძრაობის“ ჯგუფი.[4] ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებას 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ. ჯგუფმა წამოაყენა რეფერენდუმის ჩატარების იდეა აღნიშნულ საკითხზე და 266 000 ხელმოწერა მოაგროვა. ამის შედეგად, მთავრობამ უკან წაიღო საკუთარი გადაწყვეტილება.[5]
2017 წლის მარტში „მომენტუმის მოძრაობა“ გახდა ცენტრისტული პოლიტიკური პარტია.[5] 2017 წლის აგვისტოში, იგი დანიშნეს პარტიის მმართველ საბჭოში.[4] 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩეჰ-ი მონაწილეობდა, როგორც პარტიის კანდიდატი.[6] პარტიამ ვერ შეძლო მოგება და ადგილის მოპოვება პარლამენტში, ამიტომ მმართველი საბჭო (მათ შორის, ჩეჰ-ი) გადადგა.[7][8]
ევროპარლამენტი
ჩეჰმა წარადგინა საკუთარი კანდიდატურა „მომენტუმის მოძრაობის“ სიიდან 2019 წლის ევროსაპარლამენტო არჩევნებში. მარგრეტე ვესტაგერის ხელმძღვანელობით, იგი, ასევე, იყო „ევროპის შვიდ ძლიერ გუნდს“ შორის, რომელიც ცენტრისტმა ლიბერალ-დემოკრატიულმა ალიანსმა არჩევნების წინ შეარჩია ევროკავშირის მხარდამჭერი, ლიბერალური კამპანიის მოწინავე პოზიციებისთვის.[9]
ჩეჰ-ი პარტიის სიაში იყო პირველი და აირჩიეს ევროპარლამენტის ერთ-ერთ წევრად უნგრეთიდან (მეორე კანდიდატი იყო ანა დონატი).[10][11] იგი ევროპული განახლების პოლიტიკური ჯგუფის რვა ვიცე-თავმჯდომარეს შორის ერთ-ერთი იყო.[12] ჩეჰ-ი არის ინდუსტრიის, კვლევისა და ენერგეტიკის კომიტეტის წევრი (2019 წლიდან) და ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის წევრი (2000 წლიდან). 2021 წლიდან მოყოლებული, ჩეჰ-ი არის ევროპის მომავლის კონფერენციის საპარლამენტო დელეგაციის წევრი.
საკომიტეტო დავალებების გარდა, ჩეჰ-ი არის აშშ-სთან ურთიერთობების საპარლამენტო დელეგაციის ნაწილი.[1] იგი, ასევე, არის ანტიკორუფციული საკითხების, მენტალური ჯანმრთელობისა და კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი ევროსაპარლამენტო ჯგუფთაშორისი მუშაობის მხარდამჭერი.
2022 წლის სექტემბერში, ჩეჰ-ი გახდა ხალხის რჩეული: მან Covid-19-ზე რეაგირების ჯილდო მიიღო The Parliament Magazine-ის ყოველწლიური ევროპარლამენტის დაჯილდოებაზე.[13] 2024 წლის მარტში, იგი მოხვდა ოც ევროპარლამენტარს შორის, რომელსაც მიენიჭა „ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო იმავე წლის ევროსაპარლამენტო დაჯილდოების ცერემონიალზე.[14]
პოლიტიკური პოზიციები
2020 წელს, ჩეჰმა და ჰილდე ვოტმანსმა გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც ევროპული განახლების 23 წევრიანმა ჯგუფმა მოუწოდა ჯოზეფ ბორელს, დაეწესებინა სანქციები ჩინელი ლიდერებისა და ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე სინძიანგის საგანმანათლებლო ბანაკებსა და ჰონგ-კონგში.[15]
სქოლიო
↑ 1.01.1Katalin Cseh. European Parliament. ციტირების თარიღი: 25 August 2019
↑ALDE Group becomes Renew Europe. Alliance of Liberals and Democrats for Europe group (18 June 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 სექტემბერი 2019. ციტირების თარიღი: 25 August 2019