კარნეგის ტბა (ინგლ. Lake Carnegie) — დიდი შრობადი ტბა ავსტრალიაში, დასავლეთ ავსტრალიაში. გაწოლილია დასავლეთ ავსტრალიის ზეგანზე, ზღვის დონიდან 439 მ სიმაღლეზე. ტბის სიგრძეა დაახლოებით 100 კმ, ხოლო უდიდესი სიგანე 30 კმ. ზედაპირის ფართობი დაახლოებით 5714 კმ².[1] მდებარეობს ქალაქ უილუნის აღმოსავლეთით, პატარა ქვიშიანი უდაბნოს სამხრეთ კიდესა და გიბსონის უდაბნოს საზღვარზე. სამხრეთ-აღმოსავლეთითაა ვიქტორიას დიდი უდაბნო და აქვეა დიდი ცენტრალური გზა. უმეტესწილად გარშემორტყმულია უდაბნო ლანდშაფტით.[2] წყლით ივსება მხოლოდ უხვი ნალექების დროს. გვალვიან პერიოდში ტბა ტალახიანი მარში ხდება. სამხრეთ-აღმოსავლეთითაა უელსის ტბა. სახელი ეწოდა ავსტრალიელი მოგზაურის დეივიდ კარნეგის პატივსაცემად, რომელიც ამ ადგილებს 1890-იან წლებში სწავლობდა.[3]
სქოლიო