კათოლიციზმი სომხეთში — მსოფლიო კათოლიკური ეკლესიის ნაწილი სომხეთში, რომელიც ექვემდებარება რომის პაპის მმართველობას. 2011 წლის აღწერით, სომხეთში 13,843 კათოლიკე ქრისტიანი ცხოვრობდა, რაც მთელი მოსახლეობის 0.46 %-ს წარმოადგენს[1]. სომხეთში არსებული კათოლიციზმი იყოფა ორად: ლათინური, იგივე დასავლური წესის რომაული კათოლიციზმი და სომხური წესის კათოლიციზმი.
ისტორია
1054 წელს მომხდარი დიდი სქიზმის შემდეგ, სომეხი კათოლიკეები აღმოჩნდნენ საქართველოში არსებული კათოლიკური ეკლესიის შემადგენლობაში, რომელიც ლათინური წესისა იყო. საკუთრივ სომხური კათოლიკური ეკლესია მხოლოდ 1740 წელს გაჩნდა და დაექვემდებარა რომის პაპს.
1920-21 წლებიდან, როდესაც სომხეთში კომუნიზმი დამყარდა, სხვა რელიგიებთან ქვეყანაში ერთად მკაცრად იდევნებოდნებოდნენ კათოლიკეებიც, რამაც თითქმის მთლიანად გააქრო აქ არსებული კათოლიკური კერები. უამრავი კათოლიკე მღვდელი დახვრიტეს და გააციმბირეს, ეკლესიები კი დაანგრიეს ან დახურეს, რის გამოც სომეხ კათოლიკეთა უმეტესობა ათეიზმზე მოექცა, დანარჩენი მორწმუნეები კი ჩუმად ასრულებდნენ რიტუალებს.
1995 წელს, მას შემდეგ რაც სომხეთი დამოუკიდებელი გახდა და მიიღო საკუთარი კონსტიტუცია, დამყარდა სეკულარიზმი, რასაც მოჰყვა ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების გამოცხადება[2]. ამგვარ პირობებში ქვეყანაში აღდგა კათოლიკური ღვთისმსახურება და მოსახლეობამ კვლავ იწყო მასზე მონათვლა. 1996 წელს კი იტალიელი მღვდელი ჯუზეპე პაზოტო დაინიშნა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის მმართველად, რომელსაც ექვემდებარება სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის კათოლიკური ეკლესიები.
2000 წელს შეიქმნა ამიერკავკასიელი კათოლიკეების ეპარქიაც. იგი აერთიანებს სომხეთსა და საქართველოს, მისი მთავარი ტაძარი კი არის თბილისში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების კათედრალი[3].
იურიზდიქციები და ეპარქიები
სომხეთში არსებული კათოლიკური ეკლესია დაყოფილია ორ ტერიტორიულ იურიზდიქციად. ლათინური წესის კათოლიკეები არის სამოციქულო ადმინისტრაციის ნაწილი, კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, ხოლო სომხური წესის კათოლიკეები მიეკუთვნებიან სომხურ კათოლიკურ ეკლესიას, რომლებიც შედიან აღმოსავლეთ ევროპის კათოლიკე ორიენტალისტების ორდინატურაში. ეს უკანასკნელი აერთიანებს არა მხოლოდ საკუთრივ სომხეთში მცხოვრებ სომხური წესის კათოლიკეებს, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ კათოლიკე სომხურ დიასპორას.
თანამედროვე ეპოქა
სომეხი კათოლიკეები ყოველთვის განცალკევებით ცხოვრობენ სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრებისაგან. შესაბამისად, ამ ორი ეკლესიის წარმომადგენელთა ქორწინებები ძალიან იშვიათია. აღსანიშნავია, რომ სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები ხშირად სომეხ კათოლიკეებს „ფრანკებს“ უწოდებენ, რაც განპირობებულია იმით, რომ ძველად სომხეთში უმეტესად ფრანგი მისიონერები მუშაობდნენ კათოლიციზმის გავრცელებაზე, ამიტომაც სომხებისათვის, ისევე, როგორც ძველი ქართველებისათვის, ფრანგი კათოლიკესთან იყო გაიგივებული[4].
აღსანიშნავია სომხეთის დედაქალაქ ერევანში მცხოვრები პოლონელი, ლათინური წესის კათოლიკეები, რომლებიც ერთობ მომრავლდნენ ქვეყანაში და ცხოვრობენ ადგილობრივ კათოლიკეებთან ერთად. 2014 წლის აღწერით, სომხეთში 280,000 კათოლიკე ცხოვრობს[5].
↑Dati statistici al 31 dicembre 2014 riportati dal bollettino quotidiano della Santa Sede in occasione del viaggio apostolico di papa Francesco in Armenia nel mese di giugno 2016.