ირმის რქა — მთა, არქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ არალისა და წარბასთუმნის მიმდებარედ. მდებარეობს ზღვის დონიდან 1 560 მეტრზე[1].
2020 წლის აგვისტოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამ მთაზე აღმოჩნდა მრავალფენიანი ნამოსახლარი, სადაც ცხოვრების უადრესი ეტაპი წარმოდგენილია ძვ. წ. III ათასწლეულით, ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურით[2].
არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს (ხელმძღვანელი გიორგი ჩილინგარაშვილი[3]) აღმოჩენილია სადგრის ფრაგმენტები, თიხის ჭურჭელი, ხელსაფქვავები, თიხის მცირე ზომის ფიგურები, ობსიდიანის, კაჟისა და ქალცედონისაგან დამზადებული ნამგლის ჩასართები და ისრის პირები[1].
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნამოსახლარზე ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულით დათარიღებული ე. წ. ბედენური კულტურის ნამოსახლარის აღმოჩენა, რაც ამ კულტურის დადასტურების პირველი შემთხვევაა სამცხის ამ ნაწილში[2][1].
2021 წელს არქეოლოგიურ ძეგლს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.[4]
სქოლიო