იოჰან კრისტოფ ადელუნგი (გერმ. Johann Christoph Adelung; დ. 8 აგვისტო, 1732, შპანტეკო — გ. 10 სექტემბერი, 1806, დრეზდენი) — გერმანელი გრამატიკოსი და ლექსიკოგრაფი. სახელი გაითქვა შრომებით "გერმანული ენის დაწვრილებითი სახელმძღვანელო" (ტ. 1-2, 1782) და "ზემოგერმანული დიალექტის სრული გრამატიკულ-კრიტიკული ლექსიკონი" (ტ. 1-5, 1774-1786). ი. ს. ფატერთან ერთად შეადგინა ოთხტომიანი კრებული "მითრიდატე ანუ საზოგადო ენათმცოდნეობა...", სადაც ენობრივ ნიმუშად წარმოდგენილია "მამაო ჩვენო" მსოფლიოს 500 ენასა და კილოკავზე. "მითრიდატეს" პირველ ტომშია ცნობები ქართული ენის შესახებ (ტექსტის ნიმუში, ფონეტიკა, გრამატიკა, ლექსიკა, დიალექტები); ავტორს უსარგებლია მარი მაჯოს "ქართული ენის გრამატიკით" (რომი, 1670) ამ წყაროდან მომდინარე მრავალი უზუსტობის მიუხედავად, ქართული ენის ზოგიერთი თავისებურება (მაგ., სიტყვაში თანხმოვანთა თავმოყრა, სიტყვათცვლილებაში სუფიქსაციის უპირატესობა პრეფიქსაციასთან შედარებით და მისთ.) გამოვლენილია დიდი ლინგვისტური ალღოთი.
ლიტერატურა
სქოლიო