ილია დიმიტრის (ზურაბის) ძე ორბელიანი (დ. 10 დეკემბერი, 1815, თბილისი ― გ. 20 დეკემბერი [ძვ. სტ. 8 დეკემბერი], 1853, ალექსანდროპოლი, ახლანდელი გიუმრი, სომხეთი)— რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1851). გრიგოლ ორბელიანის უმცროსი ძმა. სამხედრო სამსახური დაიწყო ქართულ გრენადერთა პოლკში იუნკრად (1832). 1838-იდან ოფიცერი. 1832-იდან მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1842 წელს ტყვედ ჩაუვარდა შამილს. ტყვეობაში იმყოფებოდა რვა თვე.
ცოლად ჰყავდა ბარბარე, ილია ბატონიშვილის ასული (დ. 1831 — გ. 14 მარტი, 1884). ეყოლათ ტყუპი შვილები: გიორგი ორბელიანი და დიმიტრი ორბელიანი (გარდაიცვალა ჩვილობაში).