ვალერიან ალექსანდრეს ძე კედია (დ. 1 აგვისტო [ძვ. წ. 14 აგვისტო], 1911, ზუგდიდი, — გ. 5 მაისი, 1968, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებელი ინჟინერი (1961).
დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი (ახლანდ. სტუ; 1932). შემდეგ მუშაობდა არქიტექტორად ტრესტ „საქკომუნპროექტში“. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939–1945). დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა „საქსახპროექტში“ უფროს არქიტექტორად, ხოლო 1948–1968 წლებში — „საქქალაქმშენსახპროექტის“ არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად. ძირითადი ნამუშევრებია: ქალაქ ფოთის გენერალური გეგმა (1934–1935, ა. ნიკოლაიშვილთან ერთად; ამავე ავტორების მიერ გადამუშავებულია 1938); სოფსაბჭოს ტიპური შენობა ხევსურეთისათვის (1938, სოფ. ბარისახო); ქალაქ წყალტუბოს განვითარების და განაშენიანების გენერალური გეგმა (1951, არქიტ. ი. ზაალიშვილთან ერთად); ფოთის დაგეგმარების ახალი პროექტი (1956, არქიტ. ა. ნიკოლაიშვილთან და გ. თოთიბაძესთან ერთად); დაბა ბაკურიანის დაგეგმარება (1960, არქიტ. გ. ბაქრაძესთან, რ. ხატიაშვილთან, ფ. ყუფარაშვილთან, გ. ჯაფარიძესთან ერთად); სანატორიუმი „მეტალურგი“ (1957, თანაავტ. არქიტ. ნ. სოლოვიოვა); გაერთიანებული სააბაზანო შენობის კომპლექსი 200 ნომერზე (1963, არქიტ. ი. ზაალიშვილთან ერთად); სანატორიუმი „გეოლოგი“ (არქიტ. გ. ავსაჯანიშვილთან ერთად); პანსიონატი უსინათლოთათვის (1968) — ყველა ქ. წყალტუბოში. ამავდროულად კედია პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტსა (1932–1940) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1947–1968). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში