ელენ ბლექბერნი (ინგლ. Helen Blackburn; დ. 25 მაისი, 1842 ― გ. 11 იანვარი, 1903) ― ფემინისტი, მწერალი და ქალთა უფლებების დამცველი, განსაკუთრებით, დასაქმების კუთხით. ბლექბერნი რედაქტორობდა ჟურნალ Englishwoman's Review-ს. დაწერა წიგნები ქალი მშრომელებისა და ბრიტანეთსა და ირლანდიაში ქალთა საარჩევნო მოძრაობის ისტორიის შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით „სტანდარტული ნაშრომი“ გახდა.[1] იყო ქალთა საარჩევნო უფლების ეროვნული საზოგადოებისა და დასავლეთ ინგლისის საარჩევნო უფლების საზოგადოების მდივანი, აგრეთვე შრომის თავისუფლების დაცვის ლიგის თანადამფუძნებელი.[2] ლონდონის პარლამენტის მოედანზე მილისენტ ფოუსეტის ქანდაკების კვარცხლბეკზე მისი სახელიცაა დატანილი.
ადრეული წლები
ბლექბერნი დაიბადა ნაიტსტაუნში, კუნძულ ვალენშიაზე (კერის საგრაფო, ირლანდია), 1842 წლის 25 მაისს.[1] მამამისი, ბეუიკ ბლექბერნი, სამოქალაქო ინჟინერი იყო, რომელიც კუნძულ ვალენშიაზე ფიქლების მაღაროებს განაგებდა. დედას ერქვა იზაბელა ლამბი. 1859 წელს ბლექბერნების ოჯახი ლონდონში გადასახლდა.
გარდაცვალება
ბლექბერნი გარდაიცვალა უესტმინსტერში (ლონდონი), 1903 წლის 11 იანვარს, 60 წლის ასაკში. დაკრძალულია ბრომპტონის სასაფლაოზე. თავისი არქივები და წიგნების კოლექცია კემბრიჯის გირტონის კოლეჯს დაუტოვა.[4] მისი ანდერძის მიხედვით, ახალგაზრდა ქალების მომზადებისთვის დაარსდა ფონდი.
2018 წელს პარლამენტის მოედანზე მილისენტ ფოუსეტის ქანდაკება გაიხსნა, რომლის კვარცხლბეკზე ელენ ბლექბერნის სახელი სხვა სუფრაჟისტი ქალების სახელებთან ერთადაა დატანილი.[5][6][7]
ნაშრომები
ბლექბერნის წიგნებს შორისაა:
- A Handbook for Women Engaged in Social and Political Work, 1881.
- A Handy Book of Reference for Irishwomen, 1888.
- The Condition of Working Women and the Factory Acts, რედაქტორი ჯესი ბუჩერეტთან ერთად, 1896.
- Women under the Factory Acts, ნორა ვინისთან ერთად, 1903.
- Women's suffrage: a record of the women's suffrage movement in the British Isles, with biographical sketches of Miss Becker, 1902.
სქოლიო