ევგენი პრიგოჟინი (რუს.Евгений Викторович Пригожин; დ. 1 ივნისი, 1961, ლენინგრადი — 23 აგვისტო, 2023) — რუსი ბიზნესმენი, რუსული კომპანიისა და ჯგუფის „კონკორდის“ ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამაარსებელი.
აკონტროლებდა ვაგნერის ჯგუფს, რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ დაქირავებულ სტრუქტურას, რომელიც ჩართულია სამხედრო კონფლიქტებში აფრიკაში, სირიაში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში, ასევე კომპანიებს, რომლებსაც ბრალი ედებათ აშშ-ს 2016 და 2018 წლის არჩევნებში ჩარევაში. პრიგოჟინის ოპერაციები მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და გრუ-სთან. კომპანია „კონკორდი“ ეწეოდა რუსეთში სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების კვებას, რისი წყალობითაც პრიგოჟინმა მედიაში მეტსახელი „პუტინის მზარეული“ მიიღო.[16][17] გამოცემა „დელავოი პეტერბურგმა“ 2019 წლის მილიარდერთა რეიტინგში პრიგოჟინი 72-ე ადგილზე დააყენა, მისი ქონება 14,6 მილიარდ რუბლად შეაფასა. 2016 წელს, გამოცემა „გოროდ 812“-ის თანახმად, ის მოხვდა სანქტ-პეტერბურგის 30 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.[18]
პრიგოჟინმა პოპულარობა მოიპოვა, როგორც „ბოტების ფერმის“ შემქმნელმა. 2016 წლიდან ის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, 2020 წლიდან — ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ[19], 2022 წლიდან — ავსტრალიის, კანადის[20], ახალი ზელანდიისა[21] და იაპონიის.[22] 2022 წლის ივლისში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა 10 მილიონი დოლარის ჯილდო ე.ვ. პრიგოჟინისა და „ინტერნეტკვლევების სააგენტოს“ 12 სხვა თანამშრომლის შესახებ ინფორმაციისთვის, სააგენტო დაკავშირებულია შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩარევასთან.[23] FBI სთავაზობდა ჯილდოს $250,000-მდე მის დაჭერაში დახმარებისთვის[24].
პრიგოჟინმა და მისმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ-უკრაინის ომში.[25] 2022 წელს პრიგოჟინი პირადად ეწვია რუსეთის კოლონიებს, რათა პატიმრები წაეყვანა კსკ „ვაგნერის“ რიგებში ომში მონაწილეობის მისაღებად.[26][27][28] 2023 წლის მაისში პრიგოჟინმა გამოაცხადა უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღების შესახებ მისი დაქირავებული ჯარისკაცების მიერ, რაც მრავალი სამხედროს სიცოცხლე დაუჯდა და რუსეთის მიღწევა სიმბოლური იყო.[25]
2023 წლის 23 ივნისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია „ვაგნერის“ მებრძოლებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების თავდასხმის შესახებ და აჯანყება წამოიწყო, რასაც „სამართლიანობის მარში“ უწოდა.[29] 24 ივნისის დილას დაქირავებულმა ჯარებმა დაიკავეს დონის როსტოვის ცენტრი და სამხედრო ობიექტები და მოსკოვისკენ აპირებდნენ სვლის გაგრძელებას.[30] ამავე დღის საღამოს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით გამართა მოლაპარაკებები, რა დროსაც მიღწეულ იქნა შეთანხმება დეესკალაციის შესახებ.[31]
ადრეული ცხოვრება
ევგენი ვიქტორის ძე პრიგოჟინი 1961 წლის 1 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში დაიბადა.[25][32][33] დედამისი, ვიოლეტა კიროვნა-პრიგოჟინა ექთანი იყო და საავადმყოფოში მუშაობდა, [25][34] მამამისი, ვიქტორ ევგენის ძე პრიგოჟინი კი მაღაროში ინჟინერი იყო, რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ევგენი 9 წლის იყო. [34][35] ევგენის ბაბუა, ევგენი ილიას ძე პრიგოჟინი წითელი არმიის კაპიტანი იყო რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა, იბრძოდა რჟევის ბრძოლაში და მიღებული აქვს მედალი „სიმამაცისთვის“.[36][37] პრიგოჟინი იყო სპონსორი ფილმისა „რჟევი“, რომელიც 1991 წელს ვიაჩესლავ კონდრატიევის მიერ დაწერილ მოთხრობაზეა დაფუძნებული. ფილმში მისი ბაბუაცაა მოხსენიებული.[38]
ითვლება, რომ პრიგოჟინის მამა და მამინაცვალი ებრაული წარმოშობის იყვნენ.[39] პრიგოჟინის დიდი ბიძა იყო საბჭოთა მეცნიერი ეფიმ ილიას ძე პრიგოჟინი.[40] სწორედ მასთან გაატარა ევგენიმ ბავშვობის რამდენიმე წელი, უკრაინის ქალაქ ჟოვტი-ვოდში. [41][40]
კრიმინალური ისტორია პატიმრობა
1979 წელს 18 წლის პრიგოჟინი მოპარვისთვის დაიჭირეს და 2 წელი და 6 თვე მიუსაჯეს, რომელიც მან ქიმიურ ქარხანაში მუშაობაში გაატარა.[42][43]
1980 წელს პრიგოჟინი სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა და კრიმინალურ დაჯგუფებას შეუერთდა. [34][42] მონაწილეობას იღებდა ბინების გაქურდვაში, მანამ სანამ ქუჩაში ქალის დაყაჩაღებისთვის არ დაიჭირეს.[42][44] 1981 წელს პრიგოჟინს თორმეტწლიანი პატიმრობა მიესაჯა მკაცრ კოლონიაში, ყაჩაღობის, ქურდობის, გაყალბებისა და არასწულწრლოვნების კრიმინალურ საქმიანობაში ჩართვის ბრალდებით.[44][45]
1988 წელს საბჭოთა კავშირის უზენაესმა სასამართლომ პატიმრობის ვადა 10 წლამდე შეუმცირა კარგი საქციელისთვის, რადგან მან „სწორად მოქცევა“ დაიწყო.[46][34] პრიგოჟინი საშუალო სიმკაცრის კოლონიაში გადაიყვანეს საიდანაც 1990 წელს გათავისუფლდა.[46]
ჯამში პრიგოჟინმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 9 წელი გაატარა.[47][33] ციხიდან გათავისუფლებისთანავე სწავლა დაიწყო საქნტ-პეტერბურგის სახელმწიფო ქიმიურ-ფარმაცევტულ უნივერსიტეტში, ფარმაცევტის სპეციალობით, თუმცა სწავლა არ დაუსრულებია.[48][35] პრიგოჟინმა მოგვიანებით თავისი ციხეში გატარებული წარსული პატიმრების „ვაგნერის ჯგუფში“ გაწევრიანებაში დასაყოლიებლად გამოიყენა.[49]
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“
რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ 2014 წელს შეიქმნა. „ვაგნერი“ მონაწილეობას იღებდა დონბასის ომში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრაში. კომპანია ასევე აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთთან მეგობრულ რეჟიმებს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
პრიგოჟინმა „ვაგნერის“ ჯგუფთან კავშირი არაერთხელ უარყო, მაგრამ 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიმდინარეობისას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ ვიტალი მირონოვთან ერთად ფრონტის ხაზიდან გამოაქვეყნა სურათი, სადაც სამხედრო უნიფორმაშია აღჭურვილი.[50] 2022 წლის სექტემბერში პრიგოჟინმა განაცხადა რომ მან 2014 წელს ვაგნერის ჯგუფი დონბასში რუსი მოსახლეობის გენოციდის დაწყების შემდეგ რუსი ეროვნების მოსახლეობის დასაცავად შექმნა.[51][52][53] მან განმარტა რომ დასაწყისიდან თავად იყო ჩართული სპეციალისტების მოძიების პროცესში და თავად წმენდდა ძველ იარაღს და ახარისხებდა გამოსადეგ ჯავშანჟილეტებს. პრიგოჟინმა აგრეთვე დაადასტურა ის ბრალდებები, რომელსაც აქამდე რუსეთის ხელისუფლება უარყოფდა,[54] კერძოდ ჯგუფის მონაწილეობა სხვა სახელმწიფოებში რუსული ინტერესების გატარებაში, პრიგოჟინის თქმით „ვაგნერელებმა“ "დაიცვეს სირიელი ხალხი, სხვა არაბული ქვეყნების მოსახლეობა, გაჭირვებული აფრიკელები და სამხრეთ ამერიკელები და ჩვენი სამშობლოს დასაყრდენად იქცნენ“.[52][53]
ვაგნერის ჯგუფი აფრიკასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში რუსული ინტერესების დასაცავად და არაფორმალური, სახელმწიფოსთან არაპირდაპირ დაკავშირებული სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად შეიქმნა.[55][56] გეგმის წინ წაწევას ხელი შეუწყო 2012 წელს რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელად დანიშნულმა ვალერი გერასიმოვმა. კომპანიის ხელმძღვანელად თავდაცვის სამინისტროსთან მანამდე არსებული ურთიერთობების, თანამშრომლობის (2012 წელს მან მიიღო კონტრაქტი რუსი სამხედროებისთვის 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საკვების მიწოდებაზე ერთი წლის განმავლობაში) და ვლადიმერ პუტინთან არსებული კავშირების გამო ევგენი პრიგოჟინი დაინიშნა. სამი სხვადასხვა წყაროს თქმით თავდაპირველად პრიგოჟინს არ სურდა ასეთი პოსტის დაკავება სარისკო სამუშაოს გამო, მაგრამ უარის თქმა ვერ შეძლო.[57][58]
რუსეთის შეჭრა უკრაინაში
პრიგოჟინმა პოპულარობა მოიპოვა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. საწყის ეტაპებზე რუსეთის სახმელეთო ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, მაგრამ რეზერვისტებისთვის მობილიზაციის გამოცხადება ვლადიმერ პუტინმა გადადო. შედეგად, ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა დაქირავებული ჯარისკაცების გამოყენებას შეჭრისთვის, რამაც გამოიწვია პრიგოჟინისა და ვაგნერის ჯგუფის გავლენისა და ძალაუფლების გაძლიერება. პრიგოჟინს გამოეყო მნიშვნელოვანი რესურსები და ბერკეტები, მათ შორის საკუთარი საავიაციო აქტივები. გარდა ამისა, 2022 წლის ზაფხულიდან დაწყებული, მან მოიპოვა უფლებამოსილება, ვაგნერის ჯგუფისთვის დაექირავებინა პატიმრები რუსეთის ციხეებიდან, სანაცვლოდ კი მათთვის ციხიდან გათავისუფლება შეეთავაზებინა[59] დასავლური დაზვერვის შეფასებით, 2017-2018 წლებიდან 2022 წლის დეკემბრამდე ვაგნერის ჯგუფის მეომართა რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზარდა და მათი რაოდენობა 50 000-ს აღწევდა, მათი უმეტესობა ციხიდან გამოყვანილი მსჯვარდებულებისგან შედგებოდა.[59]
2022 წლის 13 ნოემბერს ვაგნერის ჯგუფმა გამოაქვეყნა ვიდეო სადაც ასახულია ევგენი ნუჟინის სიკვდილით დასჯა უროს გამოყენებით. ნუჟინი იყო დეზერტირი რომელიც რუსულ მხარეს ტყვეების გაცვლის სანაცვლოდ დაუბრუნეს.[60] პრიგოჟინმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკთა: „ჩემი გადმოსახედიდან ისე ჩანს რომ ამ ფილმის სახელი უნდა იყოს: „ძაღლი ძაღლურად კვდება“ და „ეს იყო შესანიშნავი სარეჟისორო ნამუშევარი, ერთი ამოსუნთქვით საყურებელი. იმედი მაქვს, გადაღების დროს არც ერთი ცხოველი არ დაშავებულა."[60]
2023 წლის 4 მაისს, პრიგოჟინმა გააკრიტიკა მოსაზრებები 2023 წელს კრემლზე დრონის თავდასხმის საპასუხოდ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და თქვა: „ჩვენ ვგავართ კლოუნებს, რომლებიც ბავშვების დრონის საპასუხოდ იმუქრებიან ბირთვული იარაღის გამოყენებით“.[61]
კონფლიქტი თავდაცვის სამინისტროსთან
ვაგნერის ჯგუფის აჯანყება
2023 წლის 23 ივნისს პრიგოჟინმა გაავრცელა განცხადება, სადაც ამტკიცებდა რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტანეს იერში „ვაგნერელებზე“, რასაც „დიდი“ მსხვერპლი მოჰყვა. მან გამოაცხადა რომ გეგმავდა საპასუხო ქმედებას: „კსკ ვაგნერის მეთაურთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება - უნდა შეწყდეს ბოროტება, რომელიც მოაქვს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას“. პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება მისი პრესსამსახურის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული განცხადებით გამოაცხადა. იმ პირებს, რომლებიც სამინისტროს წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი, მოუწოდა შეერთებოდნენ კონფლიქტს და განაცხადა რომ აჯანყება მის მებრძოლებზე დარტყმის საპასუხო მოვლენა იქნებოდა.[62]
2023 წლის 23 ივნისს პრიგოჟინმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა სადაც განაცხადა რომ ომის დაწყებისას მთავრობის მიერ გამოყენებული მიზეზები სიცრუეზე იყო დაფუძნებული და შეჭრა თავდაცვის სამინისტროსა და რუსი ოლიგარქების ინტერესებში შედიოდა.[63] მან თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა საზოგადოებისა და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მოტყუების მცდელობაში უკრაინის აგრესიულ და მტრულ მოწინააღმდეგედ წარმოჩენით, რომელიც ნატოსთან თანამშრომლობით ამზადებდა თავდასხმას რუსეთის ინტერესებზე. კერძოდ, მან უარყო, რომ 2022 წლის 24 თებერვლამდე უკრაინული მხარიდან რაიმე სახის ესკალაცია ხდებოდა, რაც რუსული მხარის მხრიდან ომის გამართლების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო..[64] პრიგოჟინის მტკიცებით თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და ოლიგარქებს ომის წარმოების პირადი მოტივები ჰქონდათ.[65] გარდა ამისა, ის ამტკიცებდა, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა განზრახ მალავდა უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების ნამდვილ რაოდენობას, რომელთა დანაკარგიც გარკვეულ დღეებში 1000-მდე ადამიანს აღწევდა.[66]
24 ივნისს, დილის საათებში ვაგნერელმა რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს და ლუგანსკიდან როსტოვის ოლქში შევიდნენ. აღსანიშნავია რომ ჯგუფს არანაირი წინაღობა არ შექმნია. საპასუხოდ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურმა (ფსბ) პრიგოჟინის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხის ბრალდებით საქმე აღძრა.[67] „ვაგნერმა“ მოახერხა დონის როსტოვის დაკავება და და დაიწყო გაადგილება მოსკოვისკენ.[68] გადაადგილების პროცესში „ვაგნერმა“ Ilyushin Il-22M-ის სადესანტო თვითმფრინავი და რამოდენიმე სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო.[69]
მცირე ხნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმართა ერს, დაგმო „ვაგნერის“ ქმედებები, შეაფასა რა, როგორც „ღალატი“ და პირობა დადო, რომ აჯანყების ჩასახშობად „მკაცრ ნაბიჯებს“ გადადგამდა. მისი თქმით, ეს ვითარება საფრთხეს უქმნის თავად რუსეთის არსებობას.[66]
საპასუხოდ პრიგოჟინმა თქვა რომ რუსეთის პრეზიდენტი „შეცდომაშია შეყვანელი“ და „ვაგნერის“ მებრძოლები „პატრიოტები არიან და არა მოღალატეები, ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძვით და გავაგრძელებთ ბრძოლას“. პრიგოჟინის თქმით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად ფრონტის ხაზზე სიტუცია არ შეფერხებულა. მან აგრეთვე განაცხადა რომ მისი მთავარი მიზანი შოიგუს და გერასომივს თანამდებობიდან გათავისუფლება იყო.[70] მან თავდაცვის სამინისტრო კორუფციაში დაადანაშაულა.[71] მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინის თქმით უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების მიზეზები სიცრუეზე იყო დაფუძნებული, ის მაინც უჭერდა მხარს ომს, მაგრამ თვლიდა რომ ყველაფერი უფრო ეფექტურად უნდა წარმოებულიყო.
ვრცელდებოდა ვარაუდი რომლის მიხედვითაც 2023 წლის 24 ივნისს, ნაშუადღევს პრიგოჟინს ვლადიმერ პუტინთან პირადად დაკავშირების მცდელობა ჰქონდა, რაზეც საპასუხოდ უარი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ შტაბის უფროსი ანტონ ვაინო, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და ბელარუსში რუსეთის ელჩი ბორის გრიზლოვი.[72] გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო პრიგოჟინს პუტინის თხოვნით ესაუბრა[73] და მედიატორის როლი შეასრულა. პრიგოჟინის ბრალდებები მოიხსნა და „ვაგნერმა“ მოსკოვისკენ მიმავალი „ღირსების მარში“ შეწყვიტა.[68] შეთანხმების თანახმად პრიგოჟინი ბელარუსში გადავიდა და იგეგმებოდა „ვაგნერელების“ უკრაინაში გადასვლა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს კონტრაქტებზე.[74][75][76][77]
გარდაცვალება
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, პროგოჟინი 2023 წლის 23 აგვისტოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. რეისი მოსკოვიდან სანკტ-პეტრბურგის მიმართულებით მიფრინავდა. გარდაიცვალა ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი.[78] რუსულმა სახელმწიფო მედიასააგენტო TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მგაზვრთა სიაში პრიგოჟინიც იყო.[79]
ვაგნერთან დაკავშირებულ ტეკეგრამის არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქის საჰაერო სივრცეში რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც პროგოჟინი იმყოფებოდა.[80]