დონეცკის სახალხო რესპუბლიკა (უკრ. Донецька Народна Республіка; რუს. Донецкая Народная Республика) — რუსეთის ფედერაციის არაღიარებული სუბიექტი, ჩამოყალიბებულია უკრაინის დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 2014–2022 წლებში არსებობდა როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, სანამ არ მოხდა მისი ანექსია რუსეთის მიერ.
უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, მთელ ტერირტორიაზე, რომელზეც დსრ-ს აქვს პრეტენზია, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტი ვრცელდება. ასევე, ტერიტორია (დონეცკის ოლქის 1/3), რომელიც 2014-2015 წლების საბრძოლო მოქმედებების შედეგად სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მოექცა, რუსეთის საოკუპაციო ძალების და ტერორისტული დაჯგუფებების საბოლოო გაყვანამდე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება.[4]
უკრაინის ხელისუფლება დსრ-ს მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზაციად, ხოლო ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ორგანიზაციის სამხედრო ან პოლიტიკურ ცხოვრებაში — ტერორისტებად და სეპარატისტებად.[5][6][7][8] მეორე მხრივ, დსრ-ის ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებას მიიჩნევს როგორც „სისხლიან რეჟიმს“, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადის „სამხედრო დანაშაულებს“, რასაც ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა.[9][10]
უკრაინის და სხვა ქვეყნების ხელისუფლებები, და ასევე ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია თვლიდა, რომ 2014–2022 წლებში დსრ სამხედრო მხარდაჭერას რუსეთისგან იღებდა, მაგრამ კრემლი ამას კატეგორიულად უარყოფდა.
ისტორია
დონეცკში რესპუბლიკის შექმნა 2014 წლის 7 აპრილს გამოცხადდა, ხოლო იმავე წლის 12 მაისს ჩატარდა რეფერენდუმი, რის შედეგადაც რესპუბლიკამ უკრაინისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.[11]
2022 წლის სექტემბერს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარდა უკანონო რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების თაობაზე, რეფერენდუმის შედეგად მოხდა ე. წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ანექსია რუსეთის მიერ.[12]
მხარმდამჭერი ქვეყნები და დეფაქტო რესპუბლიკები
2022 წლის სექტემბრისთვის დსრ-ის დამოუკიდებლობას აღიარებდა მხოლოდ რუსეთის ფედერაცია (21 თებერვალი, 2022),[13] სირია (29 ივნისი, 2022) და ჩრდილოეთი კორეა (13 ივლისი, 2022), ასევე ნაწილობრივ-აღიარებული/არაღიარებული ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა (27 ივნისი, 2014)[14][15] და აფხაზეთის რესპუბლიკა (25 თებერვალი, 2022)[16].
მოსახლეობა
ე. წ. რესპუბლიკის მოსახლეობა, ხელისუფლების მონაცემებით, შეადგენს 2,3 მილიონ ადამიანს,[17] რომელთა უმრავლესობაც მართლმადიდებელი ქრისტიანია.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო