დაბაწვრილის ციხე

დაბაწვრილის ციხე — ციხესიმაგრე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს სოფელ მეშელის ტერიტორიაზე, პატარა გორაკზე. თავისი მდებარეობიდან გამომდინარე ციხე შავშეთიდან სამცხე-აჭარისკენ მიმავალ გზებს აკონტროლებდა.

ტოპონიმი

ტოპონიმ „დაბაწვრილში“ მსაზღვრელია გეოგრაფიული ობიექტის სახელი „დაბა“.

შესწავლის ისტორია

XIX-XX საუკუნეების მკვლევართა მიერ დაბაწვრილის ციხე თითქმის არ იყო შესწავლილი. 2007 წელს თ. ხუციშვილმა შეისწავლა ძეგლი და იგი მოკლედ აღწერა.[1] ციხესიმაგრე ადგილზე შეისწავლეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტაანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგის“ სამუშაო ჯგუფის წევრებმა. ექსპედიციის ანგარიშში ციხე ნახსენებია, როგორც „კოპაძეების ციხე“.ამასთანავე აღნიშნულია, რომ „ნაგებობიდან ამოწვდილია ერთი ვიწრო, მაღალი კედელი, მომცრო, მონაცრისფრო კვადრებით მოპირკეთებული“.[2]

ციხის გარემო

დაბაწვრილის ციხე პატარა გორაკზეა აღმართული. ეს იყო ადგილობრივი შავშელი აზნაურის ადგილსამყოფელი. დღემდე შემონახულია სამხრეთ გალავნის ერთი ფრაგმენტი, ასევე რამდენიმე ნაგებობის ნაშთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი გალავნის საძირკველი. ციხე ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ იყო განვრცობილი. სამხრეთ ნაწილში აღმართულია თითქმის 7 მეტრიანი გალავნის ნაწილი, რომელიც გარედან თლილი, დამუშავებული პატარა კვადრებითაა მოპირკეთებული. გალავანი გორაკის თავზე კოშკის ფორმის ნაგებობით გვირგვინდებოდა.

ლიტერატურა

  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ., 2020 ISBN 978-9941-9738-1-9

სქოლიო

  1. თ. ხუციშვილი, ახლად აღმოჩენილი არქიტექტურული ძეგლები შავშეთში, კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული, თბ., 2008.
  2. თ. ხუციშვილი, ლ. წიქარიშვილი, ანა გელაშვილი, ბ. გოზალიშვილი, ანა იმედაშვილი, შ. კოღუაშვილი, დ. მაისურაძე, ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლები, კატალოგი ოთხ წიგნად, წ. 3, შავშეთ-კლარჯეთი, გვ. 62.