ფეხბურთის თამაში დაიწყო 1962 წელს თბილისის 35-ე სკოლაში მწვრთნელ ვანო შუდრასთან. თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“ და რუსთავის „მეტალურგში“. 1971 წლიდან თბილისის „დინამოშია“, რომლის ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოვიდა 1973 წლის 2 ივლისს. გუნდთან ერთად ორჯერ — 1976 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო პირველობის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 1977 წლის პირველობაზე ვიცე-ჩემპიონის, ხოლო 1978 წელს — საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.[2] ასევე, ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი — 1976 და 1979 წლებში. სულ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 133 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი ბურთი გაიტანა. ამას გარდა, გოჩა მაჩაიძემ ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება ცამეტ შეხვედრაში დაიცვა, აქედან ერთი — თასების მფლობელთა თასის, ათი — უეფა-ს თასის და ორიც — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.
1980 წელს გუნდის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო მას და მის უფროს ძმას, თბილისელთა მაშინდელ კაპიტან მანუჩარ მაჩაიძეს „დინამოს“ დატოვება მოუწიათ. იმავე წლის საფეხბურთო სეზონის დარჩენილი პერიოდი გოჩა მაჩაიძემ ლანჩხუთის „გურიაში“ გაატარა, რომელთა რიგებშიც ოცჯერ გამოვიდა მწვანე მინდორზე.
1981–1982 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაშია, სადაც საბჭოთა კავშირის პირველი ლიგის 39 შეხვედრას ატარებს (ერთი გოლი) და გუნდს უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაში ეხმარება. სათამაშო კარიერას 1982 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.
ევროთასებზე
ქვემოთ წარმოდგენილია ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ოფიციალური ტურნირების ფარგლებში გოჩა მაჩაიძის თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში გამართული მატჩების სტატისტიკური მონაცემები.
↑გია ტუხაშვილი (21 ივნისი, 2010). იუბილარი. გოჩა მაჩაიძე — 60 — 70-იანი წლების თბილისის "დინამო" ძმები მაჩაიძეების გარეშე ცოტა წარმოუდგენელიც იყო; უფროსი, მანუჩარი წლების განმავლობაში „დინამოს“ კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი იყო; არც გოჩა მაჩაიძე გახლდათ ურიგო ფეხბურთელი, მართლაც განსაკუთრებული უნივერსალიზმით რომ გამოირჩეოდა: ბავშვობაში ფორვარდი იყო, შემდეგ ნახევარდაცვაში თამაშობდა, კარიერის ბოლო წლებში კი უკვე განაპირა მცველად მოგვევლინა. „დინამოსთან“ ერთად გოჩა მაჩაიძე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა და თასს დაეუფლა, ამას გარდა არაერთი წარმატებული მატჩი ჩაატარა საერთაშორისო არენაზეც: „ლივერპულის“, „ინტერის“, „რეალის“ წინააღმდეგ. ქართული ფეხბურთის დამსახურებულ ვეტერანს დღეს იუბილე აქვს — 60 წელი შეუსრულდა! — ქართული პრესის ელექტრონული არქივი.