გორის ქარის ელექტროსადგური, ქართლის ქარის ელექტროსადგური — ქარის პირველი ელექტროსადგური საქართველოში. მდებარეობს ქალაქ გორთან, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. შედგება 6 ქარის ტურბინისაგან (ტურბინის მოდელი: V117-91.5HH),[1] რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 3,45 მეგავატია; საერთო ჯამში ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 20,7 მეგავატი. წელიწადში გამოიმუშავებს 84,1 მლნ. კვტ·სთ ელექტროენერგიას.[2]
მშენებლობისათვის საჭირო თანხის მოპოვებისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სესხის (პროექტის ღირებულების 70%) ხელშეკრულება 2016 წლის იანვარში გაფორმდა,[3] მშენებლობის ნებართვა 6 იანვარს გაიცა, მარტში სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. იმავე წლის 19 სექტემბერს სამუშაოები დასრულდა. ექსპლუატაციაში შევიდა 2016 წლის 20 დეკემბერს.[2]
ელექტროსადგურის მფლობელია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“, რომლის წილის 50,1%-ს ფლობდა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, ხოლო 49,9%-ს — სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.[2] 2019 წელს ამ ორი კომპანიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ ქონება (11 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთი, 6 ქარის ტურბინა და სხვ.) 14,4 მილიონ აშშ დოლარად შეისყიდა საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჰოლდინგმა „საქართველოს კაპიტალმა“.[4]
სქოლიო