ბარელი (ინგლ. Bareilly) ― ქალაქი ბარელის რაიონში, ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში. ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლისი დასავლეთ უტარ-პრადეშში და ბარელის დანაყოფისა და როჰილხანდის ისტორიული რეგიონის ცენტრი. ქალაქი მდებარეობს ინდ-განგის ვაკეზე, შტატის დედაქალაქ ლაქნაუდან 252 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო ქვეყნის დედაქალაქ ნიუ-დელიდან ― 265 კმ-ით აღმოსავლეთით. ქალაქის მოსახლეობა 903 668 ადამიანს შეადგენს და შტატის მასშტაბით მე-8, ხოლო ჩრდილოეთ ინდოეთის მასშტაბით 54-ე ადგილზეა.[1] მდებარეობს მდინარე რამგანგის ნაპირზე.
დღევანდელი ბარელის ტერიტორიაზე უძველესი დასახლება 1537 წელს შექმნა ადგილობრივმა ტომის ბელადმა, ჯაგატ სინგჰ კატეჰრიამ, რომელმაც ადგილს ბანს-ბარელი დაარქვა, მისი ორი შვილის, ბანსალდევისა და ბარელდევის შესაბამისად. 1569 წელს ქალაქი მოგოლთა დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 1596 წელს ადგილობრივი პარგანის დედაქალაქი გახდა. თანამედროვე ტიპის ქალაქი მოგომა გუბერნატორმა, მუკრანდ რაიმ, 1657 წელს დააარსა. 1658 წელს ბარელი ბუდაუნის გუბერნატორის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. მოგოლთა იმპერიის დასუსტების პარალელურად როჰილხანდის სამეფო გაძლიერდა და ბარელი სწორედ მისი მთავარი ცენტრი გახდა. როჰილის პირველი ომის შემდეგ, 1774 წელს ქალაქი აუდის სამეფოს კონტოლქვეშ აღმოჩნდა, 1901 წელს აუდის ნავაბმა ბარელი ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიას გადასცა. 1811 წელს ქალაქის სამხრეთ ნაწილში სამხედრო სადგური დაარსდა. 1816 წელს იქ ფორტი აშენდა. 1857 წლის ინდოეთის აჯანყების შემდეგ ბარელი ამბოხებულებმა გაათავისუფლეს. ქალაქი 1858 წლამდე დამოუკიდებელი იყო და ხან ბაჰადურ ხანი მართავდა. 1858 წელს ბრიტანეთმა ქალაქი ხელახლა დაიპყრო.
ბარელი ცნობილია ბარელვის მოძრაობით, რომელიც სუნიტური ისლამური მოძრაობაა. იგი ცნობილმა სწავლულმა, აჰმედ რაზა ხანმა დააარსა, მზარდი ვაჰაბიზმის საპირწონედ. ყოველწლიური დღესასწაულის დროს მის სამარხს მილიონობით ადამიანი სტუმრობს.[2][3]
შივას ანტიკური ტაძრების მდებარეობის გამო ქალაქს ნათჰ-ნაგრის,[4][5] ბოლო დროს კი ქალაქ ჯუმკას უწოდებენ.[6] ქალაქი ავეჯის წარმოებისა და ბამბით, შაქრითა და ხორბლეულით ვაჭრობის ცენტრია. ბარელი ერთ-ერთია ინდოეთის 100 გონიერ ქალაქს შორის[7] და ერთ-ერთია ეროვნული დედაქალაქის რეგიონის 9 კონტრმაგნიტ ქალაქს შორის.[8] ქალქს ბარელსი აეროპორტი ემსახურება, რომელსაც პირდაპირი ფრენები აქვს: დელიდან, ლაქსნაუდან, მუმბაიდან და ბენგალურუდან.
გეოგრაფია
ბარელი ჩრდილოეთ ინდოეთში მდებარეობს. ქალაქის კოორდინატებია: ჩრდ. განედი 28°10′ და აღმ. გრძედი 78°23′. ბარელის აღმოსავლეთით პილიბჰიტი და შაჰჯაჰანპური მდებარეობს, რამპური ― დასავლეთით, ჩრდილოეთით ― უდჰამ-სინგჰ-ნაგარი, ხოლო სამხრეთით ― ბადაუნი. ქალაქი წყლით კარგადაა მომარაგებული. დაფერდებულია სამხრეთით. ნიადაგი ნოყიერია. ჩრდილოეთში მდებარე წვიმის ტყე ცნობილია როგორც ტარაი, რომელშიც ვეფხვები, დათვები, ირმები და გარეული ღორები ბინადრობენ. ქალაქის მთავარი წყალსატევი და აღმოსავლეთი საზღვარია მდიანრე სარდა (ან გოგრა). რამგანგა დრენაჟის უმეტეს ნაწილს კუმაონის მთებიდან იღებს, ხოლო დეოჰას მრავალი პატარა ნაკადული უერთდება. ქალაქის მახლობლად მიედინება გომატი (ან გუმატი).[9]
ბარელი ზღვის დონიდან 252 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[10] გაშენებულია მდინარე რამგანგის მარცხენა ნაპირზე. რამგანგის მცირე შენაკადებია დეორანიანი, ნაკატია და შანკჰა, რომლებიც ქალაქში მიედინებიან. ბარელის ისტორიული ბირთვი რამგანგის მარცხნივ 10 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. XIX საუკუნიდან მოყოლებული ქალაქი სამხრეთით გაფართოვდა. ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქალაქი მეტწილად ჩრდილოეთით გაფართოვდა. ბრიტანეთის მმართველობის პერიოდში მცირე სამრეწველო ცენტრები დაარსდა, რომლებიც ქალაქს შეერწყა. ქალაქის ურბანული ტერიტორია 106 კმ²-ს მოიცავს, ხოლო მეტროპოლიური ტერიტორიის ფართობი 123 კმ²-ია.[11]
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო