ბაზალეთის პლატო — მთისწინეთის პლატო საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარეებს არაგვსა და ნარეკვავს შორის, დუშეთის ქვაბულის სამხრეთით, სადაც დაბალმთიანი რელიეფი ვაკეში გადადის. აბსოლუტური სიმაღლეები 875–950 მ-ის ფარგლებში მერყეობს. აგებულია მეოთხეული კონგლომერატებით, რიყნარ-ქვიშნარით. დასერილია მცირე ხევებით (საკრამულოსხევი, დინასხევი, ხანათხევი). აქვს ვაკე ზედაპირი, პლატოს ჩაზნექილ ადგილზე, ზღვის დონიდან 879 მ სიმაღლეზე ბაზალეთის ტბა მდებარეობს. ბაზალეთის პლატო საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული და ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის. გაბატონებულია კულტურული ლანდშაფტი. ბაზალეთის პლატოს სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით დაბალმთის ტყის ლანდშაფტია.[2]
სქოლიო