აჰმად-შაჰ ბაჰადური იგივე მირზა აჰმად-შაჰი[1] (დ. 23 დეკემბერი, 1725, დელი — გ. 1775, მეჰრაული) — დიდ მოგოლთა იმპერიის მე-14 იმპერატორი 1748–1754 წლებში, მუჰამად-შაჰის ვაჟი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1725 წლის 23 დეკემბერს, იმპერატორ მუჰამად-შაჰისა და ქუდსია ბეგუმის ოჯახში. 1748 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ავიდა დიდ მოგოლთა საიმპერატორო ტახტზე. მასზე დიდ გავლენას ახდენდა საჭურისი, ნავაბ ბაჰადური. აჰმად-შაჰმა მარათებთან გაუთავებელი ომებით გადაღლილი და ნადირ-შაჰის გამანადგურებელი შემოსევებისგან საგრძნობლად დასუსტებული იმპერია ჩაიბარა. დიდ მოგოლთა ძველი დიდების დაბრუნების მიზნით გაატარა სამხედრო რეფორმები და მძლავრი აგრესია გამოავლინა მამამისის მმართველობის დროს აღზევებული დიდებულების წინააღმდეგ. ახლადწარმოქმნილ ინდურ სახელმწიფოებთან გააჩაღა ომები, რომლებში დამარცხებამაც დიდ მოგოლთა ტერიტორიის კიდევ უფრო შემცირება და მარათების იმპერიის გაძლიერება გამოიწვია. აღსანიშნი იყო ინდოსტანის ნახევარკუნძულზე ბრიტანელთა გავლენის გაზრდაც.
აჰმად-შაჰ ბაჰადურის უშედეგო და დამანგრეველი მმართველობით უკმაყოფილო მოსახლეობამ იმად ულ-მულქის მეთაურობით 1754 წელს დელიში არსებულ საიმპერატორო სასახლეს ალყა შემოარტყა და იმპერატორი ტახტიდან ჩამოაგდო. მათივე მხარდაჭერით იმპერატორის ტიტული მიიღო ჯაჰანდარ-შაჰის ვაჟმა, ალამგირ II-მ. ახალი მონარქის ბრძანებით აჰმად-შაჰი გამოკეტეს სალიმგარჰის ციხესიმაგრეში, სადაც ცხოვრების დარჩენილი წლების გატარება მოუწია. გარდაიცვალა 1775 წელს, დაკრძალეს მეჰრაულიში.[2]
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- К. Рыжов. «Все монархи мира. Мусульманский восток 15-20 вв.», Москва, «Вече», 2004 г.
- N. N. Haidar and M. Sardar, Sultans of Deccan India, 1500-1700, The Metropolitan Museum of Art, NY, 2015, p. 336
სქოლიო