გაიზარდა ნორმანდიაში, მუშათა კლასის ოჯახში, თუმცა მისი მშობლები კაფე-მაღაზიის მფლობელები იყვნენ. სწავლობდა რუანისა და ბორდოს უნივერსიტეტებში, სადაც სკოლის მასწავლებლის კვალიფიკაცია მოიპოვა, მოგვიანებით კი თანამედროვე ლიტერატურაში ხარისხი მიიღო (1971).
1970-იანი წლების დასაწყისში ასწავლიდა ბონევილის ლიცეუმში, მოგვიანებით კი დისტანციური სწავლების ეროვნულ ცენტრს შეუერთდა.
ლიტერატურული მოღვაწეობა
ერნოს ლიტერატურული დებიუტი 1974 წელს ავტობიოგრაფიული რომანით Les Armoires vides შედგა. 1984 წელს მან რენოდოს პრემია მოიპოვა მორიგი ავტობიოგრაფილი რომანისთვის La Place , რომელიც მამასთან მის ურთიერთობაზე, საფრანგეთის პატარა ქალაქში გატარებულ ბავშვობაზე, ზრდასრულობაში გადასვლასა და მშობლებთან დაშორებაზე მოგვითხრობს.
ერნოს შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმის ისტორიული და ინდივიდუალური გამოცდილება. თავის რომანებში იგი წერს თავისი მშობლების სოციალურ პროგრესზე, თინეიჯერობის წლებზე, ქორწინებაზე, აღმოსავლეთ ევროპელ მამაკაცებთან სასიყვარულო ურთიერთობებზე, აბორტზე, ალცჰაიმერის დაავადებაზე, დედის გარდაცვალებაზე და მკერდის კიბოზე.
მწერლის მაგნუმ ოპუსად ითვლება 2008 წელს გამოქვეყნებული ისტორიული მემუარი „წლები“. ამ რომანში ავტორი საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობს, რითაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე ფრანგული საზოგადოების ცოცხალ სურათს წარმოგვიდგენს. ესაა ქალისა და იმ საზოგადოების განვითარების ისტორია, რომელშიც იგი ცხოვრობდა. რომანისთვის ავტორმა მოიპოვა მარგარეტ დიურასის და ფრანსუა მორიაკის სახელობის პრემიები (2008). აგრეთვე მიიღო ჟურნალ Télégramme-ის მკითხველთა პრემია (2009), ევროპული სტრეგა (2016) და ჰემინგუეის პრემია (2018).
2022 წლის 6 ოქტომბერს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „გამბედაობისა და მიუკერძოებელი სიცხადისათვის, რითაც პირადი მეხსიერების ფესვებს, განდგომილობასა და კოლექტიურ შეზღუდვებს ააშკარავებს.“[17][18]